ბიზნესმენი ვალერი შოშიაშვილი, რომელსაც გაბუნიას საადვოკატო ბიურო იცავს, იმ კონკრეტული გამომძიებლის და პროკურორის ვინაობას ასახელებს, რომლებიც მისი ბიზნესის ტერორს ეწეოდნენ:
“2010 წლის 10 აპრილს, ჩემს მობილურ ტელეფონზე განხორციელდა ზარი. უცნობი გამეცნო როგორც პროკურატურის თანამშრომელი ვინმე ბექა ბასილაია. მან მთხოვა სასწრაფოდ გამოვცხადებულიყავი მთავარ პროკურატურაში, რომელიც მდებარეობს გულუას მოედანთან. იქ მისვლის შემდეგ მან ამიხსნა, რომ უნდა წარმედგინა ჩემი კომპანიების საბუღალტრო დოკუმენტაცია, რისთვისაც მომცა სამი დღის ვადა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ბექა ბასილაიას მოთხოვნის საფუძველზე დოკუმენტაცია გადავიტანე აუდიტის სამსახურში. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არანაირი მიღება-ჩაბარების აქტი აუდისტის სამსახურს არ წარუდგენია. აუდიტის ეზოში დამხვდა ვინმე მამუკა ლაშხია და ეთერ სახოკია, მათი მითითებით, ჩემი კომპანიების საბუღალტრო დოკუმენტაცია მოვათავსეთ შენობის პირველ სართულზე შესასვლელში.”
რამდენიმე დღის შემდეგ, ვალერი შოშიაშვილი მამასთან ერთად დაიბარეს პროკურორ ზაზა მალუძის სამუშაო ოთახში და მოთხოვეს, რომ აღნიშნული ქონება, რაც კი გააჩნდა, უნდა გადაეცათ კონკრეტული პირისთვის უსასყიდლოდ. მას შემდეგ, რაც ბიზნესმენებმა განუცხადეს, რომ ყველა ქონება ბანკის სასარგებლოდ იყო დატვირთული,პროკურორმა განუცხადა, რომ ეს ფაქტი მისთვის ცნობილი იყო და ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავდა და ალტერნატიულ ვარიანტს გამოძებნიდა. და გამოძებნა კიდეც…
” ორი დღის შემდეგ ჩემს მობილურზე მოვიდა შეტყობინება, რომ კახეთში, კერძოდ ყვარლის რაიონის სოფელ გრემში ტარდებოდა აუქციონი, რომელზე გატანილი იქნებოდა გრემის კულტურის სახლი.
მე მონაწილეობა უნდა მიმეღო აუქციონში და შემეძინა იგი 700 000 ლარად. თუმცა მისი რეალური ფასი შეადგენდა 8130 ლარს (რაც დასტურდება დამოუკიდებელი აუდიტის მიერ შედგენილი დასკვნით).
აღნიშნული ქონების საწყისი ფასი 100 000 ლარი. მე დიდი გაჭირვებით მოვიძიე ბეს თანხა, რაც შეადგენდა 30 ათას ლარს და შევიძინე აუქციონში მონაწილეობის ბილეთი. რამოდენიმე დღის შემდეგ ჩემთვის უცნობმა პირმა თბილისში მომაწოდა აუქციონში გამარჯვების დოკუმენტი. პირი გამეცნო როგორც ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე. აქვე მინდა აღვნიშნო,რომ აუქციონში მონაწილეობა არ მიმიღია. მე არ გამაჩნდა ინფორმაცია გამოტანილი ქონების შესახებ. ბ.ბ.-მ განმიმარტა, რომ ამ ქონების გარდა სექტემბრის თვეში უნდა მიმეტანა 300 ათასი ლარი, რის შედეგაც დამიბრუნებდნენ ჩემი კომპანიების საბუღალტრო დოკუმენტაციას. ერთ ერთი შეხვედრის დროს მე განვუცხადე თუ რაიმე სახის ჯარიმა მეკუთვნოდა იგი დაეკისრა აუდიტის სამსახურს. რის პასუხადაც ისენი დამემუქრნენ,რომ შემესრულებინა ყველა მათი მითითება წინააღმდეგ შემთხვევაში დაიჭერდნენ ჩემი ოჯახის წევრებს.” _ აცხადებს ბიზნესმენი.
ბიზნესმენის განცხადებით, მისი დატერორების მცდელობა ოქტომბრის არჩევნების შემდეგაც გრძელდებოდა:
“ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მე მივმართე ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას და მამუკა მდინარაძეს, რათა აღდგენილიყო სამართლიანობა და დამნაშავეები დასჯილიყვნენ. 19 ოქტომბერს მე დამიკავშირდა ბექა ბასილაია და მთხოვა შეხვედრა მთავარ პროკურატურაში, შეხვედრას ესწრებოდა პროკურორი ზაზა მალუძე, რომელმაც მითხრა, რომ 2000 ლარის გადახდის შემთხვევაში (შეიძლებოდა თანხის კიდევ უფრო შემცირება) გაფორმდებოდა საპროცესო განრიდება და დამიბრუნებდნენ ბუღალტრულ საბუთებს. მე თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი და დავპირდი, რომ დამნაშავეები დაისჯებოდნენ. ბექა ბასილაიამ ამაზე მიპასუხა, რომ სამწუხაროა ახალი პოლიტიკური ხანა რომ დადგა, თორემ სხვანაირად გაგისწორდებოდიო.”
“გურია ნიუსი” დაუკავშირდა მთავარ პროკურატურას იმის გასარკვევად, ნამდვილად მუშაობენ თუ არა აღნიშნული პირები უწყებაში, რაზეც გაგვიცხადეს, რომ პასუხს მოგვიანებით შეგვატყობინებენ.






























































