2013 წლის 11-15 მარტს გაიმართება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ბატონ ზურაბ აბაშიძის ოფიციალური ვიზიტი ლატვიასა და ლიტვაში. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში შედიან საქართველოს პარლამენტის წევრები, ერეკლე ტრიპოლსკი, გია ჟორჟოლიანი, ზაქარია ქუცნაშვილი და ნოდარ ებანოიძე, აგრეთვე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. ვიზიტი ორგანიზებულია გაეროს განვითარების პროგრამის მიერ, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით.
2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ წარადგინა ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების რეფორმირების ამბიციური გეგმა. რეფორმის მიზანია უზრუნველყოს საქართველოში მმართველობის სისტემის რეალური დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების გაძლიერება. საქართველოს მთავრობის პროგრამის თანახმად, მნიშვნელოვნად გაიზრდება ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების უფლებამოსილებები და რესურსები. რეფორმის ეფექტიანი დაგეგმვისა და განხორციელების უზრუნველსაყოფად, საქართველოს ხელისუფლებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია ცენტრალური ევროპის იმ ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, რომლებმაც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ შეძლეს დეცენტრალიზებული მმართველობის სისტემისა და რეგიონული განვითარების ქმედითი მექანიზმების ჩამოყალიბება.
ოფიციალური ვიზიტის მიზანია, ქართული დელეგაციის მიერ ლატვიისა და ლიტვის გამოცდილების გაცნობა თვითმმართველობის რეფორმისა და რეგიონული განვითარების სფეროში, აგრეთვე საქართველოს, ლატვიისა და ლიტვის და ხელისუფლებებს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის გაღრმავება.
ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაცია გამართავს შეხვედრებს ლატვიისა და ლიტვის პარლამენტებისა და საპარლამენტო კომიტეტების ხელმძღვანელობასთან. გარდა ამისა, დელეგაცია ეწვევა შესაბამის სამინისტროებს, ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებებს და ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციებს.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს პარლამენტი _ ზურაბ აბაშიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე (დელეგაციის ხელმძღვანელი) ერეკლე ტრიპოლსკი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაქარია ქუცნაშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, იურიდიული საკითხთა კომიტეტის წევრი ნოდარ ებანოიძე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო ქავთარაძე, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის აპარატის უფროსი სპეციალისტი; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო: გიორგი წაქაძე, რეგიონული განვითარების დეპარტამენტის უფროსი გიორგი დიდიძე, რეფორმებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; ადგილობრივი თვითმმართველობა: ლევან კონჯარია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე; გაეროს განვითარების პროგრამა: ინიტა პაულოვიცა, მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში ირაკლი კობახიძე, რეგიონული და მუნიციპალური განვითარების პროექტის მენეჯერი”, _ ნათქვამია პრესრელიზში.
































































