“ვენეციის კომისიამ მოიწონა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შეთავაზება, რომ საქართველოს პრეზიდენტს აღარ ჰყავდეს ორი წარმომადგენელი იუსტიციის საბჭოში. კომისიამ ასევე მოიწონა სამინისტროს შეთავაზება რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არ ისხდნენ პარლამენტარები. აქ ჩვენ გვაქვს ცალსახა დასკვნა და მოვახდენთ იმას, რასაც ამომრჩეველს დავპირდით. იუსტიციის უმაღლესი საბჭო იქნება ბოლომდე დეპოლიტიზებული და გახდება ნეიტრალური ორგანო. რაც შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებს, იუსტიციის სამინისტროს შეთავაზება იმასთან დაკავშირებით რომ 8 მოსამართლე წევრის გადახალისება და ახალი კრიტერიუმებით არჩევა უნდა მოხდეს, ესეც არის მოწონებული ვენეციის კომისიის დასკვნაში, სადაც ნათქვამია, რომ საბჭოში მოსამართლეებს არ უნდა წარმოადგენდეს მოსამართლეთა მხოლოდ ერთი ჯგუფი.
დღეს გვაქვს ვითარება, როდესაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა რამდენიმე ასეულიან კორპუსს წარმოადგენს ერთი ჯგუფი, რომლებიც არიან თავმჯდომარე მოსამართლეები. დღევანდელ მოსამართლე წევრებში ერთადერთი წევრი აკმაყოფილებს ახალ კრიტერიუმებს, დანარჩენი კი არჩეულია იმ კრიტერიუმით, რაც არ შეესაბამება ვენეციის კომისიის მიერ მოწონებულ ჩვენს რეფორმას. აქედან გამომდინარე, ჩვენ აგვინთეს “მწვანე შუქი” იმისთვის, რომ განვახორციელოთ რეფორმა პარლამენტში მეორე მოსმენის შემდეგ ამ კანონის მიღებით, რაც იმედია მეორე კვირიდან მოხდება.” _ განაცხადა იუსტიციის მინისტრმა,
მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტრო პარლამენტს და მოსამართლეებს მისცემს ორკვირიან ვადას იმისათვის, რომ ხელახლა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევა.