2013 წლის 11 თებერვალს IDFI-მა პრეზიდენტის ადმინისტრაციას საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით მიმართა შემდეგ საკითხებზე: შტატში და შტატგარეშე მომუშავე პირთა რაოდენობა; ინფორმაცია განთავისუფლებული თანამშრომლების შესახებ; ინფორმაცია ადმინისტრაციაში დასაქმებული თანამშრომლების შესახებ; ინფორმაცია 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 31 იანვრის ჩათვლით გაცემული პრემიების შესახებ; პრეზიდენტის სამივლინებო ხარჯები 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 31 იანვრის ჩათვლით; ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული ავტომანქანების ჩამონათვალი და საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯები; ინფორმაცია 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 31 იანვრის ჩათვლით განხორციელებული შესყიდვების შესახებ.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პრეზიდენტის ადმინისტრაციას აქვს ვალდებულება მოთხოვნილი ინფორმაცია გასცეს დაუყოვნებლივ, ან არა უგვიანეს 10 დღისა (ასეთ შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ განმცხადებელს), პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ორგანიზაციას პასუხი წერილის გაგზავნიდან ერთი თვის შემდეგაც არ მიუღია.
ამის საფუძველზე 2013 წლის 13 მარტს პრეზიდენტის ადმინისტრაციას გაეგზავნა ადმინისტრაციული საჩივარი.