წარმოდგენილი ცვლილებებით, გაწვევით ვადიანი სამხედრო სამსახურის ვადა 15 თვის ნაცვლად, 12 თვით განისაზღვრება. ცვლილებები წვევამდელთათვის სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადებასაც ეხება, რომლის მიხედვითაც, თუ წვევამდელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასრულების წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებს გაივლის, მას გადაუვადდება სამხედროში გაწვევა.
სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადება სტუდენტის სტატუსის მოპოვების შემდეგაც გრძელდება.
კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტის მომზადებაში კომიტეტი თავდაცვის სამინისტროსთან ერთობლივად მუშაობდა და მისი მიღება მნიშვნელოვან ხარვეზებს აღმოფხვრის.
ირაკლი სესიაშვილის განმარტებით, 15-თვიანი სამხედრო სამსახურით დარღვეულია გაწვევის ვადები, რომლებიც გაზაფხულით და შემოდგომით არის განსაზღვრული. მისივე განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებების მიღება სამხედრო მოსამსახურეებისათვის ყოველ 6 თვეში სამხედრო ფორმით უზრუნველყოფის საკითხსაც მოაგვარებს.
კომიტეტის წევრებმა “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტიც განიხილეს, რომელიც თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, ვეფხია გრიგალაშვილმა წარმოადგინა.