პარლამენტში რეგიონული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი სიამაყით აღნიშნავდა, რომ გურიაში, გასულ წელს, 138 პროექტი გახორციელდა და ამ მიმართულებით 30 მილიონი ლარი დაიხარჯაო. თუმცა, მას არაფერი უთქვამს ოზურგეთი-ნინოშვილი-ლესას გზის მშენებლობის შესახებ.
საქართველოს საგზაო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ: “საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი გურიის რეგიონში, ადგილობრივი მნიშვნელობის, ოზურგეთი-ნინოშვილი-ლესას საავტომობილო გზის 25 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაესწრო. აღნიშნული მონაკვეთი, რომელზეც გერმანული ტექნოლოგიით ცემენტ-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს, 11 სოფელს და ორ რაიონულ ცენტრს დააკავშირებს ერთმანეთთან. ცემენტ-ბეტონის საფარის ექსპლუატაციის ვადა 30-35 წელია. გახორციელდა ხელოვნური ნაგებობების და სანიაღვრე სისტემების აღდგენის სამუშაოები. ამჟამად მიმდინარეობს ცემენტი-ბეტონით გზის დაგების სამუშაოები. ოზურგეთი-ნინოშვილი-ლესას სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო მიმდინარე წლის აპრილში და დასრულდება წლის ბოლოს. ღირებულება სახელმწიფო ბიუჯეტით 12 მლნ ლარს შეადგენს”, _ ეს ინფორმაცია 2010 წლის 2 ივნისით თარიღდება.
ამჟამად აღნიშნული სამუშაოები შეჩერებულია და ამის მიზეზად სხვადასხვა ვერსიები სახელდება _ როგორც “გურია ნიუსს” გზის მშენებლობაზე მომუშავე მუშებმა უთხრეს, დეკემბრის მერე, სამშენებლო სამუშაოები აღარ მიმდინარეობს და ამის მიზეზი ხელფასების მიუღებლობაა. როგორც ისინი “გურია ნიუსთან” საუბარში ამბობენ, თითოეულ მათგანს სოლიდური თანხა _ ორი, სამი და ოთხის თვის სახელფასო დავალიანება აქვთ მისაღები. მუშები გაურკვეველ მდგომარეობაში არიან და დღესაც ამაოდ ელოდებიან კუთვნილ გასამრჯელოს. ამ ფონზე “ნიუ-ენერჯის” წარმომადგენლები ამბობენ, რომ გზის მშენებლობის შეჩერება უამინდობას უკავშირდება.
“გურია ნიუსი” არა ერთხელ წერდა კომპანია “ნიუ-ენერჯის” მიერ ჩატარებული სამუშაოების შესახებ. როგორც ჩვენთვის ცნობილია, 25-კილომეტრიანი გზის მშენებლობა ამ ორგანიზაციას ნოემბრის ბოლოს უნდა დაესრულებინა, თუმცა, როგორც “ნიუ-ენერჯის” წარმომადგენელი, მერაბ დოლიძე ჩვენთან საუბარში ამბობდა, სამშენებლო სამუშაოები 2011 წლის მარტის ბოლოს დამთავრდებოდა. აღნიშნული გზის მშენებლობისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 12 მილიონი ლარი გამოიყო, ხოლო მშენებლობაზე 100-ზე მეტი ადგილობრივი მუშახელი იყო დასაქმებული. მშენებლობის მიმდინარეობის პროცესში, მუშები ხელფასის დაგვიანების გამო ჩიოდნენ, თუმცა, “გურია ნიუსთან” საუბარში დოლიძემ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა და აღნიშნა, რომ, პირიქით _ ახალ წელს, კომპანიამ მუშებს “მეცამეტე თვის” ხელფასიც კი მისცა პრემიის სახით. დოლიძის მიერ გაკეთებულ ამ განცხადებას მაშინ მუშების მხრიდან პროტესტი და გამოხმაურება მოჰყვა _ ისინი არაერთხელ დაგვიკავშირდნენ და უარყვეს დოლიძის ნათქვამი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათში “გურია ნიუსს” “ნიუ-ენერჯის” წარმომადგენელი, საქმის მწარმოებელი ტარიელ ფონჯავიძე და დაცვა დახვდა. საქმის მწარმოებელმა გვითხრა, რომ კომენტარებს ვერ გააკეთებდა, რადგან უფლებამოსილი პირი არ იყო.
_ ბატონო ტარიელ, როდის განახლდება სამშენებლო სამუშაოები?
_ ალბათ, მარტის ბოლოს. ზუსტად არ ვიცით.
_ ხელფასები როდის იქნება?
_ ხელფასებიც მალე იქნება.
_ სადამდეა გზა დაგებული და სად შეჩერდა მშენებლობა?
_ ნინოშვილშია გაჩერებული. 17 კილომეტრია დაგებული და 8 თუ 7 კილომეტრია დარჩენილი.
_ რატომ შეფერხდა მუშაობა?
_ არ ვიცი, ალბათ, უამინდობის გამო.
_ სამუშაოებზე სულ რამდენი ლარი იყო გამოყოფილი?
_ არ ვიცი.
_ რამდენია დახარჯული?
_ არ ვიცი.
_ მუშებისთვის რამდენი ლარის ანაზღაურება გაქვთ მისაცემი?
_ არ ვიცი.
ამის შემდეგ, ჩვენ ოზურგეთი-ნინოშვილი-ლესის გზის მშენებლობაზე დასაქმებული ერთი პიროვნება ჩავწერეთ, რომელმაც საკუთარი ვინაობის საჯაროდ გამხელისგან თავი შეიკავა:
_ ყოველთვის იგვიანებდა ხელფასი, მაგრამ ამდენი ხნით არასდროს შეფერხებულა. ასეთი შემთხვევა ჯერ არ ყოფილა. მე, პირადად, ორი თვის თანხა მაქვს ასაღები, ჩამოიყვანეს დამგები მანქანა, რომელიც ლესაშია გაჩერებული, ბეტონი უნდა მიეწოდოს აქედან და იმ მანქანამ იქედან უნდა დააგოს. ჩვენ თუ ხელით დაგება გავაგრძელეთ, ახალ დაგებულზე მანქანას ხომ ვერ გაატარებ? თუ მან არ დაამთავრა მუშაობა, ისე არ იქნება.
_ როდის დაამთავრებს მანქანა მუშაობას?
_ ჯერ არ დაუწყია.
_ თქვენი აზრით, მუშაობის შეჩერების მიზეზი ეს არის?
_ ჩვენი, ხელით დამგებთა მუშაობის შეჩერების მიზეზი, ესაა, მგონი.
_ საერთოდ, მშენებლობის გაჩერების მიზეზი რა არის, რას გეუბნებიან?
_ ჩვენ ვინ გვეტყვის მაგას? არავინ არაფერს გვეკითხება და არც შეგვეკითხება. ისე, ყურმოკვრით ვიცი, რომ 7 აპრილს უნდა დაიწყოსო, მერაბ დოლიძის მოადგილემ თქვა სადღაც და მოიტანეს ამბავი.
ერთ-ერთი მუშა ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ მათ “მეცამეტე თვის” ხელფასი არ მიუღიათ: _ “გურია ნიუსში” წავიკითხე, მერაბ დოლიძე ამბობდა, მუშებს მე-13 ხელფასიც კი მივეციო, ეს არის ცრუ ინფორმაცია. მასე რომ მუშებს ვინმე რამეს ჩუქნიდეს, კარგად იქნებოდა ჩვენი საქმე. ამდენი ხანია ველოდებით ხელფასს, გავიდა ზამთარიც! რომ თქვეს, მუშებმა მოიპარეს სალიარიო, ისიც ტყუილია. ჩვენნაირ მუშებს იქ ხელი სად მიუწვდებოდათ? ისევ იმ მძღოლებმა მოიპარეს, მაგრამ აღმოსავლეთიდან ჩამოყვანილ მძღოლებს, ოთხი თვე რომ არ მისცემ ხელფასს, მოგპარავს საწვავს, აბა, რას იზამს? დაიჭირეს საცოდავები. მაგათ და საქმეს რომ სჭირდებოდა, ძველით ახალ წელს, წვიმაში, ღამის ორ საათზე გვამუშავეს, თან დაგვცინოდნენ _ წადით სახლში, პატრონი არ გყავთო? მაგრამ საქმეს სჭირდებოდა, ჩვენ კი ფული გვინდოდა _ ოჯახები გვყავს. თავს არ ვზოგავდით და ვმუშაობდით. მძღოლებს კი აქვთ ხელფასი აღებული, მაგრამ ჩვენ ორი თვის თანხა არ მიგვიღია. 17 კილომეტრია სულ დაგებული. ზუსტად რამდენი დარჩა გასაკეთებელი, არ ვიცი. ეს გზა ჩვენი სოფლის ტერიტორიაზე გადის. ჩვენც ვართ დაინტერესებულნი, დროულად დავასრულოთ მშენებლობა. სამუშაო პირობებიც ძალიან მძიმე გვქონდა _ ხელით ვაგებდით გზას, ფიზიკური დატვირთვაც დიდი გვქონდა.
არ უთქვამთ, ხელფასს როდის მოგვცემენ _ ჯერ დაგვპირდნენ, მარტში იქნებაო, მერე აპრილშიო, ყველა გვატყუებს. მინისტრი ნიკოლაიშვილი ამბობს, არ შეჩერებულა საქართველოში გზების მშენებლობა და ყველაფერი კარგად მიდისო. მაშინ ჩემი ნაშრომი _ 2 400 ლარი მაქვს მისაღები და მომცეს!
_ ახალ წელს მიიღეთ ხელფასი?
_ ახალ წელს ხელფასი არ მოუციათ, პირიქით, ნაშთი გვაქვს დარჩენილი.
_ ზოგს ორი თვის ხელფასი აქვს აღებული, ზოგს კი ოთხი თვის. რატომ?
_ გზის ხელით დამგებებს აქვთ ორი თვის აუღებელი. გზის მშენებლობის დროს სხვადასხვა ბრიგადა მუშაობდა, შესაბამისად, სხვადასხვა სამუშაოს ასრულებდა. იმათი ამბავი არ ვიცი.
_ ტარიელი ფონჯავიძე ვინ არის?
_ “პრარაბების” უფროსია, მგონი.
მუშების თქმით, მშენებლობაზე პასუხისმგებელი პირი ნუკრი მჟავიაა, რომელსაც შეუძლია ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემა, თუმცა, მჟავიასთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ, მერაბ დოლიძემ კი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.