მინისტრის თქმით, ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა მისი პრიორიტეტებია და, შესაბამისად, შესყიდვებთან, ადამიანურ რესურსთან და ფინანსურ ხარჯვასთან დაკავშირებულ ანგარიშს ის წელიწადში ერთხელ წარუდგენს კომიტეტს.
ალასანიას განცხადებით, უკანასკნელი თვეების განმავლობაში, სამინისტროში შეიქმნა დაზღვევის სრულიად ახალი სისტემა _ რიგითი სამხედრო მოსამსახურე და მინისტრი თანაბარი სადაზღვევო პაკეტით ისარგებლებენ. ბოლო თვეების განმავლობაში, თავდაცვის სამინისტროში ხელფასიც გაიზარდა, რაც სამხედრო მოსამსახურის შემთხვევაში შეადგენს 25%-s, ხოლო სამოქალაქო პირის შემთხვევაში _ 20%-ს. 300 აშშ დოლარით გაიზარდა აისაფის მისიაში მონაწილე სამხედრო და სამოქალაქო პირების ყოველთვიური ანაზღაურება. იგეგმება დაჭრილების ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის ზრდაც. გარდა ამისა, უკვე ამოქმედდა პროტეზირების კლინიკაც, რაც მინისტრის თქმით, თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი და მაღალი დონის სამედიცინო მომსახურებას გაუწევს დაჭრილ ჯარისკაცებს.
თავდაცვის მინისტრმა განადგურებულ ინფრასტრუქტურაზეც ისაუბრა და თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრებს სარეაბილიტაციო პროექტების მხარდაჭერა სთხოვა.
ავარიულ სამხედრო ნაწილებს ლოჯისტიკის გერმანელი სპეციალისტები აღადგენენ, რისთვისაც თავდაცვის სამინისტროს დამატებითი ხარჯების დასჭირდება. ალასანიას თქმით, გუშინ ის შეხვდა პრემიერ-მინისტრს, ფინანსთა მინისტრს და მათგან თანხის გამოყოფაზე თანხმობა მიიღო. თავდაცვის მინისტრმა ბიუჯეტგარეშე სახსრების გამოსაყოფად მხარდაჭერა ამჯერად დეპუტატებს სთხოვა.