2 მაისს, “სახალხო კრება” გამოაცხადებს სამოქმედო გეგმას. როგორ შევა მათი ხმა საქართველოს ყველა ოჯახში?! ამ ამოცანის შესასრულებლად სათავო ოფისში რეგიონული მედიის ჟურნალისტებს უმასპინძლეს. ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ რეგიონული მედია ბევრად ობიექტურია, ვიდრე ცენტრალური არხები.
_ ჩვენი მიზანია “სახალხო კრების” ხმა მიაწვდინოთ საზოგადოებას. ცენტრალური არხები ან სრულ ბლოკადას გვიცხადებენ, ან ისე აშუქებენ მოვლენებს, არა თუ საზოგადოება, ჩვენ თვითონ ვერ ვიგებთ ვერაფერს. დღეს გეტყვით, თუ როგორ ვაფასებთ მოვლენებს. ჩვენ მზად ვართ უწყვეტ რეჟიმში ვითანამშრომლოთ თქვენთან.
ხელისუფლება ცდილობს, ხალხს ჩაუნერგოს, რომ “სახალხო კრება” არის კიდევ ერთი ჩვეულებრივი რგოლი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. თუმცა, ეს არის უნიკალური შეკრება, რომლის სათავეშია მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი, საზოგადო მოღვაწეები: ელიზბარ ჯაველიძე, ნონა გაფრინდაშვილი, რეზო ესაძე, გია ბურჯანაძე, სპორტსმენი ლუკა კურტანიძე. თავიანთ პროფესიებში თუ რამის მიღწევა შეიძლებოდა, ამ ადამიანებს უკვე მიღწეული აქვთ. ამბობენ, რომ ჩვენ რევანშისტები ვართ, მივტირით წარსულს. თუ იმ წარსულზეა საუბარი, როცა ქალი ქალს ჰგავდა და კაცის სიტყვას ფასი ჰქონდა, ნამდვილად მივტირით. სირცხვილია, როცა გია ბურჯანაძეს დააკავებ მარტო იმიტომ, რომ ის მივიდა აქციაზე, სადაც სოლიდარობა გამოხატა პატიმრების ოჯახების მიმართ. სასამართლოზე ხელისუფლებამ დაინახა, თუ როგორი მობილიზებულები ვიყავით. ღამის სამ საათამდე არ ვიცოდით, სად ჰყავდათ დაკავებულები. ეძებდნენ ადვოკატებიც.
_ რატომ არის ადვოკატის ინსტიტუტი ნომინალური უფლებების მქონე?
_ ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა შემაშფოთებელი ციფრები გამაცნო _ ბოლო 7 წლის მანძილზე, დაპატიმრებულია 111 ადვოკატი. კომუნისტური მმართველობის დროს, 70 წლის განმავლობაში, დაკავებული იყო 80 ადვოკატი. მსოფლიო ადვოკატთა ასოციაციამ დაწერა დასკვნა, რომ საქართველოში ადვოკატის ინსტიტუტს დევნიან. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ქვეყანაში არ არსებობს სამართალი.
_ რატომ გადაწყვიტეთ ხელისუფლების მიმართ იყოთ ასეთი კატეგორიულები?
_ “სახალხო კრებაში” რომელს გვეტყობა, რომ რევოლუციის ჟინი გვქონდეს?! ამერიკის ელჩმა სომხეთში თქვა: “პატრიოტიზმი არ ნიშნავს შენი ხელისუფლების მორჩილებას. უნდა ემსახურო ხალხს.” სამწუხაროდ, ხელისუფლება სხვა შანსს არ გვიტოვებს _ არ შეიძლება გყავდეს ამდენი უკანონო პატიმარი; ზარებით წყდებოდეს, თუ ვინ დაიჭირო; საზოგადოება აცხოვრო უკიდურეს სიღარიბეში. ხალხს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში შეძლოს თავისუფალი არჩევნის გაკეთება. დღეს რომ ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები, ხომ ყველამ ვიცით, რა ციფრები დაჯდება?! ერთადერთი არ ვიცით ის, რომელი ოპოზიციური პარტია გამოიჩენს მეტ “მარიფათს” და უკეთესად რომელი გაურიგდება ხელისუფლებას. თუ მმართველი გუნდი დაგვანახებს, რომ ხსნის დემოკრატიულ გზას, არავინ რევოლუციაზე არ იფიქრებს, მაგრამ ამის ნაკლებად მჯერა.
2 მაისს, ჩვენ გამოვაცხადებთ სამოქმედო გეგმას, რომლის შედეგი დამოკიდებული იქნება იმაზე, საზოგადოება როგორ დაიცავს საკუთარ ღირსებას. თუ ბევრნი ვიქნებით, ხელისუფლება ვერ გაბედავს ტყვიის გასროლას. ამის მაგალითია ლიბია _ მთელი მსოფლიო ფეხზე დადგა, როცა უიარაღო ხალხის წინააღმდეგ გამოიყენეს ძალა. აფრიკაში განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ როცა ხალხი ღირსებას იცავს, მას პატივს სცემს ყველა, შინ და გარეთ. თუ ქართველები დაველოდებით, რომ სხვამ იზრუნოს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებაზე, გულხელდაკრეფილი უნდა ვიყოთ და მთელი მსოფლიო გვემსახურებოდეს, არაფერი არ გამოვა.
დღეს, ხელისუფლება არ არის იმ მდგომარეობაში, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის იგნორირება მოახდინოს. დასავლეთი ყველა მოვლენას ყურადღებით ადევნებს თვალყურს. შეგახსენებთ აშშ-ს პრეზიდენტის სიტყვებს; “მე ვიქნები პრესის დამცველი!” ეს გზავნილი თქვენს მიმართ ძალიან დიდი სტიმულია. არ მინდა ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩეთ, რომ მთელი სიმძიმე გადაგვაქვს ხალხზე _ თითოეულ ჩვენგანს გაცნობიერებული გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა. უბრალოდ, მოსახლეობის მონაწილეობის გარეშე, პროცესებს არ ექნება ლეგიტიმაცია. თუ ვიტყვით, რომ ხომ ვიდექით სამი თვე და ახლა 30 წელი ხმა არ უნდა ამოვიღოთ, ალოგიკურია _ მანამდე უნდა ვიბრძოლოთ, სანამ გამარჯვებას არ მივაღწევთ.
_ ხალხი აღარ ენდობა ოპოზიციას.
_ რა თქმა უნდა, ამას აქვს ობიექტური მიზეზი. მათ დანერგეს ნიჰილიზმი _ სამებიდან და იპოდრომიდან ხან საით წაიყვანეს ხალხი და ხან _ საით. ჩვენი ორგანიზაცია არანაირ გარიგებაზე არ წავა ხელისუფლებასთან, არ მივატოვებთ ხალხს. თუ ქუდზე კაცი გამოვა, ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ!