ქალაქ ოზურგეთში, სამთო ქიმიის ქუჩაზე მდებარე #8-10 საცხოვრებელ ბინაში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.
_ ჩემი ძმა და მისი მეგობრები მეხმარებიან, რომ წვიმა არ ჩამოვიდეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ მოსულები და დაგვპირდნენ, რომ დაგვეხმარებიან, მაგრამ როდის ეს არ ვიცი, _ გვითხრა სამთო ქიმიის ქუჩაზე მცხოვრებმა, თეა კეჭაყმაძემ.
ამავე ქუჩაზე მცხოვრები, ნელი სულაბერიძე ამბობს, რომ მის საცხოვრებელ სახლში ისე წვიმს, როგორც გარეთ: _ სასწაული ამბავი მოხდა. უცებ დატრიალდა ყველაფერი. ქარმა შუშები ჩაამტვრია, ანტენა გადააგდო, საცხოვრებელი სახლის ბინიდან წყალი ჩამოდის და არ ვიცი, რა ვქნა. ველოდები დახმარებას, _ გვითხრა ნელი სულაბერიძემ.
აბესალომ მგელაძის ეზოში მაღალი ძაბვის ბოძი წაიქცა.
_ რამდენი წელია ვითხოვ, რომ ეს ბოძი მოგვაშორონ, მაგრამ ყურადღებას არავინ არ გვაქცევს. იმედია, რომ ახლა მაინც მოგვხედავენ, _ გვითხრა აბესალომ მგელაძის მეუღლემ, ნათელა მგელაძემ.
სოფელ შემოქმედში მაღალი ძაბვის ბოძის გამო სამ სოფელს ამ წუთებში შუქი არ მიეწოდება.
“ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა მასში შემავალ რამდენიმე სოფელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
ძლიერმა ქარმა დაბა ანასეულში, სოფლებში: ჭანიეთში, ლიხაურში, ვაკიჯვარში, შემოქმედსა და დვაბზუში ხეები წააქცია და სოფელ დვაბზუში დაბალი ძაბვის ქსელის ხაზი გაწყვიტა.
სოფელ ცხემლისხიდში ვალერიან ეზიეშვილის საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა და ადმინისტრაციულ შენობასთან მგზავრთა მოსაცდელი დაინგრა. სოფელ შემოქმედში, აბესალომ მგელაძის ეზოში წაქცეულმა ხემ მაღალი ძაბვის ბოძი წააქცია და სადენები გაწყვიტა, ხოლო წითელმთაში გოჩა ვანიძის სახლს თუნუქის სახურავი გადახადა. სოფელ ბოხვაურში გოჩა ტუღუშის სახლის სახურავი, ხოლო მაკვანეთში, კერძოდ, გოგიეთში ენვერ ჭანუყვაძის სახლის სახურავი დაზიანდა.რაც შეეხება ქალაქ ოზურგეთს, აღმაშენებლის ქ.N 17-ში თამთა ლეჟავას სახლის სახურავი, ხოლო ბაქრაძის ქუჩაზე აივენგო მამალაძის სახლს მიადგა ზარალი. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის შედეგად გამოწვეული ზარალის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, კონსტანტინე შარაშენიძემ ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტრო საქმის კურსში ჩააყენა. ამ დროისათვის შემთხვევის ადგილებზე იმყოფებიან მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, გიორგი ღურჯუმელიძე, საგანგებოდ შექმნილი გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურების ჯგუფები, გურიის რეგიონის სამაშველო სამსახური და ახლად შექმნილი “ოზურგეთის სერვისცენტრი”. გარდა ამისა, ტერიტორიული ერთეულების რწმუნებულები დაზიანებულ ადგილებს ნახულობენ და ზარალს ითვლიან,” _ ავრცელებს ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესამსახური.