შეხვედრას ევროპის 15 ქვეყანაში საქართველოს წარმომადგენელი ესწრებოდა. მინისტრმა საქართველოს დიპლომატიურ მისიებს მუშაობის პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო. შეხვედრის ძირითადი საკითხი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ტექსტზე დასრულებული მუშაობა, ვილნიუსის სამიტის მოსამზადებელი სამუშაოები და გაეროს რეზოლუცია იყო.
“თქვენ იცით, რომ ცხრა ქვეყანაში ელჩის დანიშვნის ბრძანებას პრეზიდენტმა ხელი მოაწერა, მაგრამ სანამ ისინი ჩავლენ დანიშნულების ადგილამდე კიდევ გაივლის რაღაც პერიოდი. ჩვენ კი ამ ხნის განმავლობაში გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები გასაკეთებელი, რადგანაც ასოცირების ხელშეკრულების ტექსტზე ფაქტიურად დავამთავრეთ მუშაობა. ახლა ევროკავშირის ქვეყნებში არის ბევრი სამუშაო, რომ ვილნიუსის სამიტამდე მოხდეს ტექსტის პარაფირება. ყოველივე ამას ჭირდება ყოველდღიური, ძალიან ინტენსიური მუშაობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ამიტომაც მოვიწვიეთ დღეს დროებითი რწმუნებულები ჰააგაში, რომ სწორედ ამ საკითხებზე ვიმსჯელოთ. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც გვქონდა ლაპარაკი არის გაერო-ში ჩვენი რეზოლუციის მხარდაჭერის მოპოვება მათ ადგილსამყოფელ ქვეყნებში,” _ განაცხადა მინისტრმა.
დროებით რწმუნებულებთან შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანიც ესწრებოდა.
შეგახსენებთ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნიდერლანდების სამეფოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, _ იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტრო.