სტიქიამ შენობას, სადაც დევნილთა 3 ოჯახი კომპაქტურად არის ჩასახლებული, თითქმის მთლიანად ახადა სახურავი. შემთხვევის ადგილზე მივიდნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ბელქანია, გამგებელი გოგა გულორდავა და გამგეობის ურბანიზაციისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი ჯემალ კვარაცხელია. მათ ადგილზე შეისწავლეს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა და დაზარალებულ ოჯახებს გაუწიეს პირველადი დახმარება.
ძლიერმა ქარმა წალენჯიხაში, საჩინოს თემში სამი საცხოვრებელი სახლიც დააზიანა. სახლების სახურავი ნაწილობრივ იქნა დაზიანებული, დაზარალებულ ოჯახებს ასევე შესაძლებლობის ფარგლებში გაეწიათ პირველადი დახმარება.
ძლიერმა ქარმა წააქცია წიწვოვანი ხეები, რამაც გამოიწვია ელექტროენერგიის სადენების დაზიანება და გზების ჩახერგვა. ენერგო-პროჯორჯიას და სახანძრო-სამაშველო სამსახურის ერთობლივი მუშაობის შედეგად, უკვე აღდგენილია ელექტროენერგიის მიწოდება, გზებიც გაიწმინდა და მოძრაობა აღდგა.