საქმე ეხება ალექსანდრე ბახუტოვის ბრალდებას.
2007 წლის 24 აგვისტოს ალექსანდრე ბახუტოვი დამნაშავედ იქნა ცნობილი ლაშა ჩოფიკაშვილის განზრახ მკვლელობაში, მაშინ როცა ეს უკანასკნელი ცოცხალი იყო.
ზურაბ ჯავახიშვილმა ჩაიდინა სამსახურებრივი გულგრილობა, ესე იგი მოხელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2007 წლის 27 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №4307057 საქმეზე, 2007 წლის 15 ივნისს თელავის რაიონის სოფელ ფშაველში არსებულ ფერმაში ალექსანდრე ბახუტოვის მიერ ლაშა ჩოფიკაშვილისათვის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. ხსენებულ საქმეზე საპროცესო ხელმძღვანელობას ახორციელებდა პროკურორი ზურაბ ჯავახიშვილი.
მითითებულ საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 2007 წლის 15 ივნისს, დაახლოებით 18:00 საათზე, ალექსანდრე ბახუტოვმა თელავის რაიონის სოფელ ფშაველში არსებულ მეცხოველეობის ფერმაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჯოხი თავში დაარტყა ლაშა ჩოფიკაშვილს, რომელიც მიღებული დაზიანებების გამო ადგილზე გარდაიცვალა. ხოლო მეორე დღეს, 2007 წლის 16 ივნისს გამთენიისას, ალექსანდრე ბახუტოვმა ნაცნობების: ვეფხო ხაჩოშვილის, ალექსი ცოციაშვილის და ასლან გაუარაშვილის დახმარებით ლაშა ჩოფიკაშვილის გვამი გადაიტანა მოშორებით და ჩააგდო მდინარე სტორში. ხსენებულ საქმეზე გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, გამოძიების პროცესში ლაშა ჩოფიკაშვილის გვამი ნანახი ვერ იქნა.
2007 წლის 26 ივნისს, დაკავებული იქნა ალექსანდრე ბახუტოვი, რომელსაც 2007 წლის 28 ივნისს, პროკურორ ზურაბ ჯავახიშვილის თანხმობის საფუძველზე, ლაშა ჩოფიკაშვილის განზრახ მკვლელობისათვის წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდება და მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. ხოლო, 2007 წლის 27 ივნისს, დაკავებული იქნენ ასლან გაუარაშვილი, ალექსი ცოციაშვილი და ვეფხო ხაჩოშვილი, რომლებსაც 2007 წლის 29 ივნისს, პროკურორ გიორგი ბაჩიაშვილის თანხმობის საფუძველზე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისათვის წარედგინათ სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდება და დასახელებულ პირებსაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა.
2007 წლის 24 აგვისტოს, პროკურორ ზურაბ ჯავახიშვილის მიერ ალექსანდრე ბახუტოვთან დადებული საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, თელავის რაიონული სასამართლოს განაჩენით ამ უკანასკნელს განზრახ მკვლელობისათვის სასჯელის სახით განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 2007 წლის 29 აგვისტოს, პროკურორ ზურაბ ჯავახიშვილის მიერ, ასლან გაუარაშვილის, ალექსი ცოციაშვილის და ვეფხო ხაჩოშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე, განზრახ მკვლელობის დაფარვისათვის, საბრალდებო დასკვნით არსებითად განსახილველად წარმართულ იქნა თელავის რაიონულ სასამართლოში.
2007 წლის 01 ოქტომბერს, ლაშა ჩოფიკაშვილი, რომელიც საქმის მასალების მიხედვით მოკლულად იყო მიჩნეული, ცოცხალი აღმოჩნდა. აღნიშნულის გამო ალექსანდრე ბახუტოვის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე აღიძრა წარმოება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, რომლის საფუძველზეც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის 2007 წლის 19 დეკემბრის განჩინებით გაუქმდა 2007 წლის 24 აგვისტოს განაჩენი ალექსანდრე ბახუტოვის მიმართ და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა თელავის რაიონულ სასამართლოს.
ამასთან, მიუხედავად ცოცხალი ლაშა ჩოფიკაშვილის გამოჩენისას, 2007 წლის 22 ნოემბერს, ზურაბ ჯავახიშვილის მიერ საპროცესო შეთანხმებები დადებულ იქნა ასლან გაუარაშვილთან, ალექსი ცოციაშვილთან და ვეფხო ხაჩოშვილთან, რომლებიც იმავე დღეს თელავის რაიონული სასამართლოს განაჩენით განზრახ მკვლელობის დაფარვის გამო დამნაშავეებად იქნენ ცნობილნი და შეეფარდათ პირობითი მსჯავრი.
ზურაბ ჯავახიშვილმა, იყო რა მოხელე, აღნიშნულ საქმეზე ვერ უზრუნველყო თავისი სამსახურებრივი მოვალეობის – საპროცესო ხელმძღვანელობის ჯეროვნად განხორციელება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რაც გამოიხატა შემდეგში:
გამოძიების პროცესში, ვინაიდან ლაშა ჩოფიკაშვილის გვამი აღმოჩენილი ვერ იქნა, არა თუ მისი გარდაცვალების მიზეზი, ისიც კი არ იყო დადგენილი საერთოდ გარდაცვლილი იყო თუ არა ეს უკანასკნელი.
მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა განზრახ მკვლელობის კვალიფიკაციისათვის სავალდებული ნიშნები: არ იყო გვამი – დანაშაულის ობიეტი და შესაბამისად დანაშაულებრივი ქმედების შედეგის დადგომა სიკვდილის სახით, ამასთან, არ არსებობდა მიზეზობრივი კავშირი ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
ზურაბ ჯავახიშვილი ვალდებული იყო უპირველეს ყოვლისა უტყუარად დაედგინა ლაშა ჩოფიკაშვილის სიკვდილის ფაქტი და შემდეგ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების საკმარისობის გათვალისწინებით მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით. მითუმეტეს, საქმეზე მიღებულ ჩვენებებს შორის არსებობდა არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, როგორც მკვლელობის ჩადენის ადგილის, დროის, იარაღის, ასევე გვამის გადაგდების ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, მტკიცებულებათა შეფასებისას ბრალდების მხარემ ისე დაადგინა ბრალდებულ ალექსანდრე ბახუტოვის მიერ გვამის თავიდან მოშორების მიზნით მისი მდინარეში გადაგდება და გვამის გაუჩინარება, რომ არ იქნა შესწავლილი და გათვალისწინებული მკვლელობის ჩადენის დროისათვის მდინარე სტორის გეოგრაფიული მდებარეობა, წყალუხვობა, დინების სისწრაფე და სხვა მახასიათებლები, რაც წარმოუდგენელს ხდიდა ზაფხულის პერიოდში ამ მდინარეში გვამის გაუჩინარების შესაძლებლობას. კერძოდ, გამოძიების ვერსიით გვამი მდინარეში გადაგდებულ იქნა 2007 წლის 16 ივნისს, ხოლო ალექსანდრე ბახუტოვს ბრალდება განზრახ მკვლელობისათვის წარედგენა 2007 წლის 28 ივნისს, ანუ 12 დღის შემდეგ. ასევე, საპროცესო შეთანხმება ალექსანდრე ბახუტოვთან დადებულ იქნა 2007 წლის 24 აგვისტოს, ანუ გვამის მდინარეში გადაგდებიდან 2 თვისა და 8 დღის შემდეგ. ამ დროის განმავლობაში გვამის გაუჩინარება თეორიულად გამორიცხავდა ბრალდების მხარის მიერ დადგენილ გარემოებას იმის შესახებ, რომ ლაშა ჩოფიკაშვილის გვამი მდინარე სტორში იქნა გადაგდებული.
ასევე, საქმეზე მიღებული ჩვენებების მიხედვით არ იკვეთებოდა და არც იქნა გამორკვეული, რამდენად აუცილებელი იყო ალექსანდრე ბახუტოვის მიერ კვალის დასაფარად ასლან გაუარაშვილის, ალექსი ცოციაშვილის და ვეფხო ხაჩოშვილის დახმარების გამოყენება, მითუმეტეს იმ რისკის ფონზე, რომ მკვლელობის შესახებ ინფორმირებულ მოწმეთა რაოდენობა გაიზრდებოდა.
ამდენად, როდესაც აღმოჩენილი არ იყო ლაშა ჩოფიკაშვილის გვამი და არ იყო უტყუარად დადგენილი მისი სიკვდილის ფაქტი, ასევე როცა ლოგიკურ და საღ აზრს სცილდებოდა გვამის მდინარეში გადაგდების შემდეგ მისი გაუჩინარების ვერსია, ასევე როცა არ იყო გამორკვეული საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა ფაქტობრივი გარემოებები, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მითუმეტეს მათი წინააღმდეგობრივი ხასიათიდან გამომდინარე, ვერ იქნებოდა საკმარისი მათი უტყუარობის თვალსაზრისით ბრალდების წასაყენებლად, როგორც განზრახ მკვლელობისათვის, ასევე მისი დაფარვისათვის.
უფრო მეტიც, 2007 წლის 22 ნოემბერს, პროკურორმა ზურაბ ჯავახიშვილმა ბრალდებულებთან – ასლან გაუარაშვილთან, ალექსი ცოციაშვილთან და ვეფხო ხაჩოშვილთან – ისე გააფორმა საპროცესო შეთანხმებები, რომ ყურადღება არ მიაქცია იმას, რომ ამ დროისათვის გარდაცვლილად შერაცხული ლაშა ჩოფიკაშვილი უკვე ცოცხლად იყო გამოჩენილი (2007 წლის 1 ოქტომბრიდან). ასეთ ვითარებაში, საპროცესო შეთანხმების დადება ბრალდებულებთან იმის შესახებ, რომ მათ დაფარეს განზრახ მკვლელობა, პროკურორის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის უხეშ შეუსრულებლობას წარმოადგენს.
პროკურორ ზურაბ ჯავახიშვილის მიერ მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების დაუდევარმა დამოკიდებულებამ გამოიწვია ის, რომ მაშინ როცა არ იყო დადგენილი ლაშა ჩოფიკაშვილის სიკვდილის ფაქტი, ალექსანდრე ბახუტოვს ჯერ წარედგინა უსაფუძვლო ბრალდება ლაშა ჩოფიკაშვილის განზრახ მკველელობისათვის, ხოლო შემდგომში ალექსანდრე ბახუტოვთან ასევე უსაფუძვლოდ დაიდო საპროცესო შეთანხმება ამ უკანასკნელის მიერ განზრახ მკვლელობის ბრალის აღიარებით. ასევე უსაფუძვლოდ იქნა წარდგენილი საბრალდებო დასკვნა ასლან გაუარაშვილის, ალექსი ცოციაშვილის და ვეფხო ხაჩოშვილის მიმართ განზრახ მკვლელობის დაფარვისათვის, ხოლო ლაშა ჩოფიკაშვილის ცოცხლად გამოჩენის შემდეგ, ასევე უსაფუძვლოდ იქნა დადებული მათთან საპროცესო შეთანხმებები ბუნებაში არარსებული დანაშაულის – განზრახ მკვლელობის – დაფარვისათვის. ამასთან, თუ ალექსანდრე ბახუტოვის მიმართ გამოტანილი უკანონო განაჩენი მოგვიანებით გაუქმებულ იქნა მაინც, ასლან გაუარაშვილის, ალექსი ცოციაშვილის და ვეფხო ხაჩოშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი კვლავ ძალაშია.
პროკურორ ზურაბ ჯავახიშვილის ქმედებებს შედეგად მოჰყვა დასახელებული პირების უკანონო მსჯავრდება არჩადენილი დანაშაულისათვის, რითაც არსებითად დარღვეული იქნა მათი კანონიერი უფლებები. ასევე არსებითად იქნა დარღვეული სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები და შელახული იქნა პროკურატურის, როგორც სისხლისსამართლებრივი დევნის მწარმოებელი ორგანოს პრესტიჟი.
განცხადებას ამის შესახებ მთავარი პროკურატურა ავრცელებს.