“გურია ნიუსის” ვებგვერდზე გუშინ გამოქვეყნდა სტატია “კომისიამ მუშაობა შეწყვიტა _ რა ბედი ელით უკანონოდ დათხოვნილ სამხედროებს”. სტატიაში საუბარი იყო იმაზე, რომ თავდაცვის სამინისტროს სპეციალურმა ჯგუფმა, რომელიც უკანონოდ დათხოვნილი სამხედროების მიერ შეტანილ განცხადებებს სწავლობდა, მუშაობა შეწყვიტა. ეს ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროშიც დაგვიდასტურეს, _დააგვიანეთ, 22 თებერვალს შეწყვიტა ჯგუფმა მუშაობა, გაგვიცხადეს სამინისტროში.
“გურია ნიუსის” კითხვაზე, _ რატომ შეწყდა განცხადებების მიღება, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ამასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას მისი მოადგილე გააკეთებს.
“იმაზე მეტი განცხადება შემოვიდა, ვიდრე საჭირო იყო”, _ განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
“მიმდინარე წლის 22 თებერვლიდან სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეწყვეტს აღდგენებსა და დასაქმებასთან დაკავშირებული განცხადებების მიღებას. ასეთ განცხადებებს მომავალში თავდაცვის მინისტრის ბრძანებით შექმნილი თანამდებობრივი საკვალიფიკაციო კომისია განიხილავს. ის ცენტრალიზებულად იმუშავებს, დასაქმების მსურველებს სპეციალურ ტესტირებას და შემოწმებას ჩაუტარებს და ამის შემდეგ მოამზადებს სარეკომენდაციო გადაწყვეტილებებს მათი დანიშვნისა თუ დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ.” _ ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.
ამ განცხადებაში არაფერია ნათქვამი წინა ხელისუფლების დროს უკანონოდ დათხოვნილი სამხედრო პირების საქმეების შესწავლაზე.