ამის შესახებ “გურია ნიუსს“ შპს “Batumi Home”-ის დირექტორმა განუცხადა. აღნიშნული კომპანიის ვიდეო კამერამ დააფიქსირა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის ვალერი თელიას შორის მომხდარ ინციდენტი.
კომპანიის დირექტორის საბირ ნურუეფის განცხადებით, მათთან რამდენიმე პიროვნება მივიდა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებად გაეცნენ და თხოვეს, ეჩვენებინათ კამერის მიერ გადაღებული მასალა.
“გურია ნიუსმა“ კომპანიის მფლობელს თხოვა ეჩვენებინა იგივე ჩანაწერი. როგორც აღმოჩნდა მასალა წაშლილი იყო. ვიდეო კამერის მიერ გადაღებული მასალის არქივში დროის მონაკვეთი 12:33 წუთამდე აღარ არსებობს.
კომპანიის წარმომადგენლის თქმით მაშინ, როცა შსს-ს წარმომადგენლებმა კადრები ნახეს, ჩანაწერი არსებობდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს დაახლოებით 11:40 წუთზე საია-ს იურისტები “მერსედესის” მარკით ავტომანქანით მოძრაობდნენ, როდესაც გორგასლისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთაში აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსს ვალერი თელიას გზაჯვარედინზე გზა გადაუჭრეს, რასაც ვალერი თელიას გაღიზიანება მოჰყვა.
“მოვდიოდით მანქანით, რა დროსაც მთელი სისწრაფით მიმავალმა “ჯიპის” მარკის ავტომანქანამ ჩაგვიქროლა, რასაც მოჰყვა მანქანის ძლიერი სიგნალი და მძღოლის მხრიდან შეურაცხმყოფელი სიტყვები: “შენ ბიჭო, იცი რა მოგივა? ვის ელაპარაკები არ იცი? სამხარეოს უფროსი ვარ და აწი, რა მოგივა შენ თავს დააბრალე” და შემდეგ ჩვენი მისამართით სიგარეტის ნამწვი ისროლა”, _ განაცხადა გიორგი ხიმშიაშვილმა.
აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმის მოკვლევა დაიწყო.