“მოჰამედ მორსიმ ქართველ კოლეგასთან საუბრისას, პატივისცემა გამოხატა საქართველოს პრეზიდენტისა და ქართველი ხალხის მიმართ და ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლის სურვილი გამოთქვა.
ქვეყნის პირველ პირს კაიროში ეგვიპტის ტურიზმის მინისტრი მასპინძლობდა. მიხეილ სააკაშვილი ეგვიპტის ახალი მთავრობის რამდენიმე მინისტრსაც შეხვდა, რომელთაც აღტაცება გამოხატეს საქართველოში განხორციელებული რეფორმების მიმართ და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ანტიკორუფციულ, ეკონომიკურ და განათლების რეფორმებს. როგორც მათ აღნიშნეს, ამ მიმართულებით ისინი ცვლილებებს ეგვიპტეშიც გეგმავენ და მათივე თქმით, საქართველოს მაგალითი სანიმუშოა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქართული გამოცდილების გაზიარებისა და რეფორმების შესწავლის მიზნით, საქართველოს ეგვიპტის სამთავრობო დელეგაცია ესტუმრება.
მინისტრებს მიაჩნიათ, რომ ეგვიპტის ახლანდელი ვითარება საქართველოს ვარდების რევოლუციის შემდგომი პერიოდის მსგავსია. მათი განცხადებით, საქართველო გამორჩეულია ყველა პოსტრევოლუციურ ქვეყანას შორის, რადგან სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პროცესი ყველაზე წარმატებულად სწორედ ჩვენს ქვეყანაში წარიმართა.
პრეზიდენტმა ოჯახთან ერთად დასვენების ხარჯები თავად დაფარა. მიხეილ სააკაშვილი სამშობლოში უკვე დაბრუნდა.”