მანამ, სანამ ხელისუფლება აცხადებს, რომ კერძო ბიზნესის საქმიანობაში და მათ საკადრო პოლიტიკაში ვერ ჩაერევიან, უკმაყოფილო ადამიანების რიცხვი დღითიდღე იზრდება.
რუსთავგაზის გენერალური დირექტორის გათავისუფლება ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე ხეთგურმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გულიტაშვილმა უარი თქვა, მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რომელიც მიზნად ისახავდა 45 თანამშრომლის გათავისუფლბას.
“ამიერიდან იტერა-საქართველოს გენერალურ დირექტორად დანიშნულია ბატონი ალექსანდრე ხეთაგური” _ ასეთი შინაარსის წერილი მიიღეს იტერა-საქართველოს მფლობელობაში მყოფმა გაზგამანაწილებელმა კომპანიებმა 2013 წლის 25 თებერვალს.
როგორც “გურია ნიუსთან” “რუსთავგაზის” გენერალურმა დირექტორმა სოსო გულიტაშვილმა განაცხადა, ის ერთადერთი იყო მათ შორის, ვინც ახალ საშტატო ერთეულს ხელი არ მოაწერა. როგორც გულიტაშვილი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ ის კატეგორიულად გააფრთხილეს, თუ ხელს არ მოაწერ, სამსახურიდან გაგათავისუფლებთო, ამ სიტყვიერი ბრძანების შესრულებას ის არ აპირებს.
“ისინი საუბრობდნენ რეორგანიზაცია-ოპტიმიზაციის სახელით, რასაც სხვები დაეთანხმნენ. მე მომივიდა საშტატო განრიგი, რაც ახლა აქ მიდევს წინ, თუ რამდენი ადამიანი უნდა იყოს ამა თუ იმ თანამდებობაზე. როდესაც იყო 187 თანამშრომელი, უნდა იყოს 145. ამაზე არ არის არც ვინმეს ბრძანება და არც არაფერი, ეს გადმოგზავნილი იქნა ელექტრონული ფოსტით პარასკევს. მე ორშაბათს გამოვცხადდი და ვიკითხე, რატომ უნდა მომეწერა ხელი ამ გაუგებარი შინაარსის წერილისთვის.”
“გურია ნიუსის” კითხვაზე ვინ აწერდა ხელს აღნიშნულ საშტატო ერთეულს, სოსო გულიტაშვილმა განაცხადა:
“ხელს არავინ აწერდა, მე მთხოვდნენ ამ საშტატო ერთეულზე ხელის მოწერას. ერთია, რომ 50 ადამიანი ჩემი ხელმოწერით უნდოდათ გაეთავისუფლებინათ და მეორეა გაზის მეურნეობის სპეციფიკა. ეს შეიძლება სურდეს მფლობელს, მაგრამ არ გამოდიოდეს გაზის მეურნეობაში. გაზი ფეთქებადი ნივთიერებაა და აქ არის დაშვებული ნორმები, რომელიც მოქმედებს ძალიან დიდი ხანია, მოკვლეულია და დადასტურებული სემეკის მიერ, სადაც წერია, რომ ეს სწორია და უნდა იყოს ზუსტად ამდენი ადამიანი, რომ სწორად და უსაფრთხოდ მოახდინოს ფუნქციონირება რუსთავგაზმა”.
როგორც გენერალური დირექტორი აცხადებს, სწორედ უსაფრთხოების ნორმების დაცვის თვალსაზრისით განაცხადა მან უარი აღნიშნულ საშტატო ერთეულზე.
_ არ იქნება ხელი მოწერილი, მივიღებთ შესაბამის ზომებს, _ ასე გააფრთხილეს შეხვედრაზე მისული სოსო გულიტაშვილი.
_ ბატონო სოსო, ვინ გაგაფრთხილათ, რომ სამსახურიდან გაგათავისუფლებდნენ?
_ ალეკო ხეთაგურმა
_ ყოფილ მინისტრზეა საუბარი?
_ დიახ, ენერგეტიკის ყოფილ მინისტრზე ვსაუბრობ.
როგორც ჩანს, ხეთაგურმა მუქარა სისრულეში მოიყვანა და ურშაბათს ახალ დირექტორს წარადგენს. როგორც “რუსთავგაზის” დირექტორი იტყობინება, მას ზურა ცისკარიშვილი ჩაანაცვლებს.
რაც შეეხება კომპანია “სოკარს”, როგორც კომპანიაში 22 მარტს აგვიხსნეს, მათი სამუშაო საათები, თურმე მათ შორის პრესსამსახურის ხელმძღვანელისაც (საუბარია ირაკლი ზუბიტაშვილზე, რომელიც სხვათაშორის “სოკარი ჯორჯია პეტროლიუმის” გენერალური დირექტორის დავით ზუბიტაშვილის მოგვარეა,) საღამოს 18:00 საათზე მთავრდება. ჩვენი თხოვნის მიუხედავად, კომპანია სოკარში არ გვითხრეს მისი პირადი ნომერი, რათა კომპანიის პოზიციაც დაგვეფიქსირებინა.
ვინაიდან შაბათი-კვირა გამოსასვლელი დღეებია, სავარაუდოდ, “სოკარი” ისვენებს, რადგან ქალაქის ტელეფონზე არავინ გვპასუხობს. სურვილის გამოთქმის შემთხვევაში, მზად ვართ მათი პოზიცია დავაფიქსიროთ.
თუმცა, კომპანია “სოკარ-ქართლის” დირექტორი დავით ლეკიშვილი “ინტერპრესნიუსთან” საუბარში აცხადებს, რომ ამ ეტაპზე თანამშრომელთა შემცირება არ მოხდება. პირიქით, დაგეგმილია ხელფასების გაზრდა, თუმცა 2 თვის განმავლობაში მოხდება კომპანია “რუსთავგაზში” რეორგანიზაცია და თანამშრომლები შეირჩევიან მათი კომპეტენციისა და კვალიფიკაციის მიხედვით და იმ სტანდარტების მიხედვით, რაც დღეისათვის კომპანია “სოკარს” აქვს.
ლეკიშვილის განცხადების მიხედვით, გამოდის, თითქოს “რუსთავგაზის” თანამშრომლები ხელფასის მომატებას აპროტესტებენ, რაც ერთობ არადამაჯერებლად ჟღერს… თანაც, “რუსთავგაზის” გენერალური დირექტორის, სოსო გულიტაშვილის განცხადებით, მას წინ უდევს სია შემცირებული საშტატო განრიგით.