ჩვენი წყაროს ინფორმაციით, შეზარხოშებული პოლიციელები სამსახურის ავტომანქანით, სოფელ მაკვანეთში ცენტრალურ გზაზე ქათამიძეების ძროხას დაეჯახნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მოკლული პირუტყვი, პოლიციელებმა სოფელ მაკვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ზურაბ ჭანუყვაძის სახლის წინ მიიტანეს და დაკლეს. “გურია ნიუსმა” სწორედ იმ ადგილის ფოტოები გადაიღო, სადაც სისხლის ნაკვალევი ჩანს. “გურია ნიუსის” ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის გოჩა ფერსაშვილის მოადგილემ, პაპუნა გობეჯიშვილმა მოახდინა, რომელიც ჩვენი წყაროს ინფორმაციით, საჭეს მთვრალი მართავდა.
_ რა ხდება ამ ოზურგეთში ამ ბოლო დროს, 21 საუკუნეა და ნიღბიანები აყაჩაღებენ ოჯახს და მის წევრს ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ ჭრიან. პარალელურად კი, იმის მაგივრად, რომ ყაჩაღები იპოვონ, თავგასულად ღრეობენ, მერე მთვრალები დანაშაულს სჩადიან, საწყალი გლეხის ერთადერთ მარჩენალ, მაკე ძროხას კლავენ. კი ბატონო, პატრონს გადაუხდიან თანხას, მაგრამ პასუხს თუ აგებს ამაზე ვინმე ? მერე რა ხდება იცით, ამოიყვანეს მძღოლი, ვითომ ავტოავარიის დროს ის იჯდა საჭესთან. რადგან მანქანას მაღალჩინოსანი პოლიციელი მართავდა და მას არ უნდოდა მისი სახელი გაჟღერებულიყო, _ განუცხადეს “გურია ნიუსს” შემთხვევის ადგილას მყოფმა მაკვანეთლებმა.
_ დაზარალებული მედეა ქათამიძე “გურია ნიუსთან” ადასტურებს აღნიშნულ ფაქტს და ამბობს, რომ მან არ იცის ვინ გაიტანა მისი ძროხა. “მე რომ მიმალავენ, ეს კი ვიცი, ჩემს შვილს ეცოდინება ყველაფერი, მოიყვანეს ყასაბი, დაკლეს, მაგრამ მანქანით დაჩეჩქვილი ივარგებდა? ეს მოხდა დაახლოებით ღამის 2 საათზე. მე, ნამდვილად არ ვიცი ვინაა ამის მომქმედი, ვერ გეტყვით . არც არავის არ ვეუბნები მაგის გამო რამეს, ალბათ, ზარალს ამინაზღაურებენ”, – გვითხრა მედეა ქათამიძემ.
“გურია ნიუსი” შეეცადა, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციები თავად პოლიციის მაღალჩინოსნებთან გადაემოწმებინა, მაგრამ მიუხედავად ჩვენი მრავალგზის მცდელობისა, სატელეფონო ზარებს არც გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსმა გოჩა ფერსაშვილმა და არც მისმა მოადგილემ პაპუნა გობეჯიშვილმა უპასუხეს.