(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ პარასკევს, სუფსაში, “ჰაიდელბერგცემენტის” ცემენტის ტერმინალი გაიხსნა. საზეიმო ცერემონიალში საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი, საქართველოში გერმანიის სრულუფლებიანმა ელჩი ორტვინ ჰენინგი, “ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფის” დირექტორთა საბჭოს წევრი ანდრეას კარნი და კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი აკაკი ჩხაიძე გურიის გუბერნატორსა და ლანჩხუთის ხელისუფლების პირველ პირებთან ერთად მონაწილეობდნენ. ტერმინალის გახსნაზე ასევე იმყოფებოდნენ “ჰაიდელბერგის” გენერალური დირექტორი მიქაელ ჰამპელი, გერმანიის ბეტონის მწარმოებელი ასოციაციის პრეზიდენტი ბენს გაიგერი, “ჰაიდელბერგცემენტის” ქართული მხარის წარმომადგენლები, თანამშრომლები.
ტერმინალში კასპისა და რუსთავის ცემენტის ქარხნიდან მოწოდებული ცემენტი შეინახება შემდგომი რეალიზაციისათვის.
ცემენტის ტერმინალში განთავსებულია 80-80 ტონიანი სამი საცავი. მზა პროდუქციას შემოიტანენ ცემენტმზიდი ვაგონების საშუალებით, დაიცლება სამ საცავში და მანქანებით მოხდება მათი მიტანა მომხმარებლამდე.
_ ძალზე მნიშვნელოვანი პროექტია. მოხარული ვარ, რომ “ჰაიდელბერგცემენტმა” ეს ნაბიჯი გადადგა. ეს არის რეგიონი, რომლის გარშემო უამრავი ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყებას ვაპირებთ, ან დაწყებული გვაქვს და ტერმინალის გახსნა ხელს შეუწყობს პროცესის წარმატებით დასრულებას. ამ წარმოების ამუშავება მოგვცემს საშუალებას, რომ მომხმარებელს უფრო სწრაფად მივაწოდოთ ცემენტი, მით უმეტეს, ზამთრის პირობებში. მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ აქ შეიქმნა სამუშაო ადგილები. მიესალმები ასევე წარმოების გაფართოებას, ჩვენი სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს, რომ წარმოება იყოს ბევრად უფრო ეფექტური და უამრავ ადამიანს მოუტანოს სიკეთე, _ თქვა რამაზ ნიკოლაიშვილმა.
გახსნაზე არ მისულან სუფსის მაცხოვრებლები, რომლებიც მანამდე ეკოლოგიური კუთხით აპროტესტებდნენ მშენებლობას. იმ დღეს ტერიტორიაზე პოლიციის მანქანების სიმრავლე შეინიშნებოდა, თუმცა რიგით ადამიანებისთვის ცერემონიაზე დასწრება არავის აუკრძალავს.