“გურია ნიუსის” ინფორმაციით, გამგეობის იურისტმა თეა ლომჯარიამ დაურეკა რწმუნებულს კახაბერ კოპლატაძეს და თავისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ამცნო. კოპლატაძის თანამდებობიდან დათხოვის საფუძვლად სოფელ ნატანების მოსახლეობის მიერ შემოტანილი საჩივრები სახელდება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი კოტე შარაშენიძე “გურია ნიუსთან” აცხადებს, რომ სოფელ ნატანების რწმუნებული სამსახურიდან უკვე გათავისუფლებულია.
_ ბატონო კოტე, რა არის სოფელ ნატანების რწმუნებულის კახაბერ კოპლატაძის გათავისუფლების მიზეზი?
_ არ ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას ისე, როგორც საჭირო იყო
_ ერთი კონკრეტული ფაქტი დაგვისახელეთ, თუ შეიძლება. . .
_მოსახლეობას აქვს ამის დამადასტურებელი ფაქტებიც და კონკრეტულიც – გვითხრა შარაშენიძემ.
სოფელ ნატანების რწმუნებული კახაბერ კოპლატაძე “გურია ნიუსთან” ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს:
_დამიბარეს დღეს იურისტთან, გამაცნეს საჩივარი, რომელიც თურმე ჩემს წინააღმდეგ არის დაწერილი, მე არ ვაპირებ დავწერო განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ. მოვითხოვე ასლები მოეცათ ამ განცხადებების, რომელიც არ მომცეს და მითხრეს, მოგვმართე წერილობითი განცხადებითო, შევიტანე განცხადება კანცელარიაში ბატონი გამგებლის სახელზე რომ გავეცნო ამ საჩივარს, რა ხდება. მე ეგ უსაფუძვლო საჩივრად მიმაჩნია რომელიც არის შეთითხნილი ხელოვნურად ჩემი გათავისუფლების მიზნით.
_ რას აპირებთთ
_ ბრძანებას რომ ჩამაბარებენ და გამაცნობენ, მერე გავაკეთებ ვრცელ კომენტარს ამ ყველაფერზე, – გვითხრა კახაბერ კოპლატაძემ.
ოზურგეთს მუნიციპალიტეტის გამგეობის იურისტი თეა ლომჯარია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით “გურია ნიუსთან” კომენტარს არ აკეთებს.