“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, რომ თანამდებობის პირებმა სრულად გაასაჯაროონ საკუთარი კომერციული ინტერესები.
_ ვეხმაურებით The Guardian-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე ოფშორული კომპანიის Bosherston Overseas Corp-ის მფლობელობასთან დაკავშირებით. პრემიერის პრესსამსახურმა დღეს გაავრცელა განცხადება, რომ წარსულში ბიძინა ივანიშვილს მართლაც ჰქონდა საქმიანი კავშირი ამ კომპანიასთან, თუმცა 2011-2012 წლებში მას არ ჰქონია წილები აღნიშნულ კომპანიაში. ამ მიზეზის გამო, ეს კომპანია პრემიერის 2012 წლის ქონებრივ დეკლარაციაში არ მოხვედრილა.
სამწუხაროდ, რთულია ამგვარ შემთხვევებთან დაკავშირებით უტყუარი მტკიცებულებების მოძიება, მაგრამ ფაქტია, რომ პოლიტიკოსების ოფშორულ კომპანიებთან კავშირი სერიოზული პრობლემა შეიძლება იყოს და კორუფციის რისკებსაც შეიცავდეს. ზუსტად ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თანამდებობის პირებმა სრულად გაასაჯაროონ საკუთარი კომერციული ინტერესები, რათა აცილებული იქნას ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევები. ასევე ვფიქრობთ, რომ აუცილებელია შეიზღუდოს სხვადასხვა გარიგებები (მაგ. შესყიდვების და პრივატიზაციის შესახებ ხელშეკრულებები) სახელმწიფოსა და ისეთ კომპანიების შორის, რომელთა საბოლოო ბენეფიციარი მფლობელების ვინაობა საზოგადოებისთვის უცნობია, _ აღნიშნულია განცხადებაში.