მინისტრის თქმით, შურისძიება მას ნაციონალური მოძრაობის წევრებს დაამსგავსებს, რაც მისთვის ყველაზე საშინელი კოშმარია.
“რაც არ უნდა ძნელად გასაგები იყოს ეს ჩემთვის ან მსხვერპლისთვის, რომელიც მოსამართლემ იმსხვერპლა თავისი უკანონო განაჩენით, ჩვენ ინსტინქტების ამუშავებით, შურისძიებებით თუ ვიარეთ, დავემსგავსებით ნაციონალურ მოძრაობას. ჩემი პიროვნული კოშმარი შეიძლება იყოს ის, რომ დავემსგავსო ნაციონალური მოძრაობის რომელიმე წარმომადგენელს, ამიტომ ძალიან ვფრთხილობ, როდესაც სამართლიანობის აღდგენას ეხება საქმე. მოსამართლის დასჯა პროკურორის და იუსტიციის მინისტრის მიერ იქნებოდა უმსგავსობა. ამიტომ ჩვენ ვქმნით კანონებს, რათა მართლმსაჯულებამ თავის თავში გაცხრილოს, დაწმინდოს სიტუაცია და თქვას, ვინ არის მოსამართლეობის ღირსი და ვინ _ არა,” _ განუცხადა თეა წულუკიანმა “გურია ნიუსს”.
იუსტიციის მინისტრმა საჯაროდ გადაუხადა მადლობა იმ მოსამართლეებს, რომლებმაც ხარვეზების დამდგენი კომისიის კანონპროექტთან დაკავშირებით მას შენიშვნები და მოსაზრებები გაუგზავნეს.
“ხარვეზების კომისიის შესახებ კანონპროექტი პრაქტიკულად უკვე დასრულებულია. ბოლო შენიშვნები და შეთავაზებები მოსამართლეებისგან პირად ფოსტაზე მივიღე. წინადადებების ნაწილი იყო საინტერესო და მისაღები. ამჟამად მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, უნდა გაიგზავნოს თუ არა კანონპროექტი ვენეციის კომისიაში.”
იუსტიციის მინისტრმა ვენეციის კომისიას “კუს ნაბიჯებით მომუშავე ორგანო უწოდა”, რომლის აზრიც საინტერესოა , მაგრამ დროში გაწელილი. ამიტომ, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, გადაუგზავნიან თუ არა კანონპროექტს ვენეციის კომისიას და დაელოდებიან თუ არა მათ რეკომენდაციებს.
” ჩემი პრეტენზია ვენეციის კომისიისადმი არის ის, რომ ეს არის კუს ნაბიჯებით მომუშავე ორგანო და ქართველ ხალხს ეჩქარება. ვადასთან დაკავშირებით მაქვს ჩემი წუხილი და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაინტერესებს მათი აზრი, რამდენად იქნებიან ისინი მზად რომ პასუხი მოგვაწოდოს .”
“გურია ნიუსის” კითხვაზე, გახდება თუ არა ხარვეზების დამდგენი კომისიის გადაწყვეტილება კონკრეტული მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის საფუძველი, იუსტიციის მინისტრმა განაცხადა:
“ხარვეზების დამდგენი კომისიის (თვითონ კანონის) მიზანი არ არის მოსამართლეების ციხეში ჩაყრა. ამ კანონის მიზანი არ არის, რომ აღმასრულებელმა ხელისუფალმა, ვინც არ უნდა იყოს ის, სასამართლო ხელისუფლებას მიუთითოს, ვინ უნდა დაისაჯოს დისციპლინური წესით და ვინ არა.
მე ვთვლი ისე , როგორც ეს არის ყველა ცივილურ ქვეყანაში _ თუკი ჩაითვლება, რომ რომელიმე მოსამართლე წარსულში საქმიანობდა ისე, რომ წარუშლელი ზიანი მიაყენა მოსამართლის და მართლმსაჯულების ინტერესს და რეპუტაციას, ჩვენ ისეთ კანონს და ინსტრუმენტებს ვქმნით, რომ მოსამართლეები გახდნენ თვითმართული პროფესია. ისინი გადაწყვეტენ, ვინ არცხვენს მოსამართლის პროფესიას ან ვინ შეარცხვინა უკვე. რა თქმა უნდა, მაქსიმალური ზომა სანქციის შეიძლება იყოს სხვადასხვა. ეს, პირველ რიგში, უნდა წამოვიდეს თვითონ სასამართლოდან,” _ განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.