საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ციხისძირში მომხდარი ინციდენტის გამო სენაკის სამხედრო პოლიციის უფროსი თენგიზ ჯაკონია და რამდენიმე სამხედრო პირი სამსახურიდან დაითხოვა. ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილემ ვახტანგ კაპანაძემ: “სამხედრო მოსამსახურეები, რომელთაც უშუალოდ ევალებოდათ კანონიერების და წესრიგის დაცვა, თვითონ აღმოჩნდნენ დისციპლინის დამრღვევები. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან არ დააყოვნა რეაგირებამ _ სამივე პიროვნება დათხოვნილი იქნა შეიარაღებული ძალებიდან, ასევე თანამდებობა დატოვა მათმა უშუალო ხელმძღვანელმაც. ყველა სამხედრო მოსამსახურემ უნდა გაითავისოს, რომ კანონი ყველასთვის კანონია და კანონის დარღვევა არავის ეპატიება.”
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, “განთავისუფლებულია ინციდენტში მონაწილე სამი სამხედრო პოლიციელი და სენაკის სამხედრო პოლიციის სამმართველოს უფროსი, რომელმაც ვერ უზრუნველყო მის დაქვემდებარებაში მყოფი სამხედრო პოლიციელების დისციპლინა.”