აღნიშნული ორგანიზაციის ლანჩხუთში ყოფნის შესახებ “გურია ნიუსმა” მოგვიანებით გაიგო. ეს ინფორმაცია არც სხვა მედიასაშუალებებისთვის იყო ცნობილი.
ჩვენ შევეცადეთ გამგებლის ყოფილი მოადგილისგან კახაბერ ასკურავასგან გაგვეგო, რა მისიით იმყოფებოდა აღნიშნული ორგანიზაცია ლანჩხუთში.
კახაბერ ასკურავა: “რაც ხელისუფლებაში “ქართული ოცნება” მოვიდა, ძალიან ბევრი ისეთი ნაბიჯი გადადგა, რომელმაც ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს პოლიტიკური კურსი და სწორედ ამის გამო შეიქმნა ეს ორგანიზაცია, რომელიც, ვიღაცას ჰგონია, რომ “ნაციონალურ მოძრაობასთანაა” კავშირში. პირიქით, საერთოდ არ ვიცნობდი ამ ორგანიზაციის თანამშრომლებს. მათი ჩამოსვლის მიზანი იყო საზოგადოების დარწმუნება, რომ საქართველოს მიზანი არ არის რუსეთი და არის ევროპა.
რაც შეეხება იმას, თუ ვინ შეიძლება წავიდეს 19 აპრილის აქციაზე ლანჩხუთიდან, ძალიან ბევრი ადამიანი მიკავშირდება და მეუბნებიან, რომ უნდათ აქციაზე წამოსვლა. ეს არის დაახლოებით 50 კაცი. განსაკუთრებით აქტიურობს ახალგაზრდობა, რაც ძალიან მახარებს. ადამიანები, რომლებთან ერთად ვართ შტაბში, ყველა ერთად ვაპირებთ წასვლას. თქვენ ამას გინდათ ორგანიზება დაარქვით და გინდათ _ არაორგანიზება. თუ იმ ხალხს, რომლებიც მიკავშირდებიან და მეკითხებიან, სად მოვიდნენ, შტაბის წევრებსაც დავუმატებთ, 100 კაცი იქნება აქციზე წამსვლელი. ფულს არავის არ ვურიგებთ, ეს სიცრუეა. თუ სჯერათ იმის, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპაში, მაშინ თვით პრემიერსაც შეუძლია მოვიდეს აქციაზე,” _ გვითხრა ასკურავამ.