მილან შტეხი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით არაერთეხელაა ნამყოფი და მას განსაკუთრებულად მეგობრული დამოკიდებულება აქვს ქართველი ხალხისადმი, რასაც შეხვედრაზეც მკაფიოდ გაესვა ხაზი. სენატის თავმჯდომარე დადებითად აფასებს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს.
შეხვედრაზე ისაუბრეს ახალი ხელისუფლების საშინაო და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე. დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ახალი ხელისუფლების მოსვლით არ შეცვლილა საგარეო პოლიტიკური კურსის ძირითადი მიმართულებები, რაც ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მისწრაფებას გულისხმობს. მისი განცხადებით, ეს მისწრაფება არის არა ცალკეული პოლიტიკური ან პარტიული ლიდერის მისწრაფება, არამედ ეს არის ქართველი ხალხის ურყევი არჩევანი და ნება.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობას. დავით უსუფაშვილმა მადლობა გადაუხადა კოლეგას სადამკვირვებლო მისიაში ჩეხეთის მონაწილეობის გამო. დავით უსუფაშვილმა შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ დემოკრატიის განვითარების გზაზე საჭიროა მეგობრების ჯანსაღი კრიტიკა და რჩევები.
საუბარი შეეხო ასევე ახალი ხელისუფლების მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებს. აღინიშნა, რომ საკონსტიტუციო რეფორმები, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმირება, საჯარო სამსახურის და შრომის კანონმდებლობის რეფორმირება – ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რომელზეც საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება ინტენსურად მუშაობს.