“ქართული სამხედრო კონტიგენტის მიერ ISAF-ის მისიაში შეტანილი წვლილისათვის ვიცე-პოლკოვნიკმა ფრიდონ ტერელაძემ ჯილდო მიიღო. 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მეთაურს ამერიკელმა პოლკოვნიკმა სპარკი რენფორტმა სამახსოვრო დაფა გადასცა. დაჯილდოების ცერემონია ავღანეთში, ბაზა “ლეზერნეკზე“ გაიმართა.
“თქვენი გამორჩეული მსახური და თავდადება კიდევ დიდხანს მოახდენს გავლენას ავღანეთის მომავალზე და ამერიკის საზღვაო ქვეითთა კორპუსისა და ქართული არმიის პარტნიორობაზე“– განაცხადა პოლკოვნიკმა რენფორტმა დაჯილდოების ცერემონიაზე.
ამერიკელმა მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა ქართველი სამხედროების როლი, დაეხმარონ ავღანეთის არმიას და პოლიციას თავად უზრუნველყონ უსაფრთხოება ჰელმანდის პროვინციაში.
III ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონი ავღანეთში 2012 წლის ოქტომბერში გაემგზავრა და ექვსი თვის განმავლობაში ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებდა. ბატალიონმა ISAF-ის საერთაშორისო ოპერაციაში მეორედ მიიღო მონაწილეობა. აპრილში, 32-ე ბატალიონი როტაციის წესით IV ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა.” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.