სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ოტავაში მაია ფანჯიკიძემ ოფიციალური შეხვედრები გამართა კანადის სენატის სპიკერთან ნოელ კინსელასთან, წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარესთან ენდრიუ შირთან, საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან დიანა აბლონცისთან და თავდაცვის მინისტრთან პიტერ მაკეისთან.
შეხვედრებზე მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს.
ორმხრივი ურთიერთობების განხილვისას ხაზი გაესვა საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობების გააქტიურების და ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას. განიხილეს განათლების სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივები.
შეხვედრებზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ, იმსჯელეს საქართველო-ნატოს თანამშრომლობის საკითხებზე, აღნიშნული მიმართულებით ბოლო პერიოდში მიღწეული წარმატებებსა და სამომავლო გეგმებზე. საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო დონის აქტუალურ საკითხებს და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს.
კანადურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა.
მაია ფანჯიკიძე: „კანადას აქვს ძალიან სერიოზული ინტერესი საქართველოს ეკონომიკის მიმართ და იმისათვის რომ ეს ინტერესი გადაიქცეს კონკრეტულ პროექტებად. საჭიროა მთელი რიგი ღონისძიებების გატარება, რომელზედაც შევთანხმდით კანადურ მხარესთან. აგრეთვე მივიღეთ შემოთავაზება, რომ საქართველოს პარლამენტმა ითანამშრომლოს კანადის საკანონმდებლო ორგანოსთან, მათ შორის სასწავლო კურსების მიმართულებით. ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ კანადა არის საქართველოს დიდი მხარდამჭერი ყველა მნიშვნელოვან საკითხში, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართულებით. ასევე, მოგეხსენებათ კანადა არის ნატოს წევრი და სწორედ ამ კუთხითაც არის მნიშვნელოვანი ამ ქვეყანასთან ურთიერთობა და მისი მხარდაჭერა“.
შეგახსენებთ, მაია ფანჯიკიძემ კანადაში ოფიციალური ვიზიტი 18 აპრილს დაიწყო და დღეს დაასრულებს.