სამიტი “აბრეშუმის გზის პარტნიორობა მიგრაციისთვის” თურქეთის მთავრობის ორგანიზებითა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით იმართება. მას 50-მდე სახელმწიფოს მინისტრები და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან.
სამიტის დაწყებამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა შეხვედრები გამართა შვეიცარიის იუსტიციისა და პოლიციის მინისტრ სიმონეტა სომარუასთან. თეა წულუკიანმა შვეიცარიელ კოლეგას საქართველოს მიგრაციის სამთავრობო კომისიის მუშაობა გააცნო და ამ პროცესში იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების თანამშრომლობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი შეეხო სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების, მათ შორის, დიასპორების სახელმწიფო მინისტრის ჩართულობის ხარისხს მიგრაციის კომისიის საქმიანობაში. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ახალი მთავრობის აქტიური მუშაობა ქვეყანაში დაბალანსებული ახალი ნარკოპოლიტიკის შემუშავების საქმეში. საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ეს საკითხი განსაკუთრებით საინტერესოა ევროპული ქვეყნებისთვის, რადგან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ნარკოტიკების მომხმარებლები არიან, ხშირ შემთხვევაში, მკურნალობის კურსს ევროპულ ქვეყნებში გადიან.
“ჩვენი მიზანია, საქართველოში არა მხოლოდ ნარკოტიკების წინააღმდეგ მკაცრი ბრძოლის გაგრძელება, არამედ სამოქალაქო და პენიტენციარულ სფეროში სათანადო სამკურნალო დაწესებულებების შექმნა, რათა პირი, რომელიც მხოლოდ მომხმარებელია, პირველ რიგში, მკურნალობას დაექვემდებაროს”, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა.
შვეიცარიის იუსტიციისა და პოლიციის მინისტრმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მიგრაციის სფეროში წარმატებული თანამშრომლობისათვის.
სამიტი “აბრეშუმის გზის პარტნიორობა მიგრაციისთვის” მიზნად ისახავს მოწესრიგებული მიგრაციის სისტემის შექმნის ხელშეწყობას. მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის მხარდასაჭერად მინისტერიალის მონაწილეები ერთობლივ კომუნიკეს განიხილავენ.