დიახ, ვადასტურებ, რომ ხშირ შემთხვევაში, ეს ინსტრუმენტები გამოიყენებოდა პოლიტიკური მიზნებისთვის. ძალიან კარგ კორელაციაშია დახმარების მიმღებების რაოდენობა გარკვეულ პოლიტიკურ პროცესებთან, ძირითადად არჩევნებთან. ეს იმდენად ცხადია, რომ ზედმეტ კვლევას აღარ საჭიროებს. დიახ, ვადასტურებ, რომ ხშირ შემთხვევაში ეს ინსტრუმენტი გამოიყენებოდა პოლიტიკური მიზნებისთვის.
დაგეგმილი გვაქვს ამ მიმართულებით ძირეული მეთოდოლოგიური რეორგანიზაცია, რათა ერთი პატარა ხვრელიც კი არ დარჩეს თავისუფალი და სუბიექტური გადაწყვეტილებებისთვის. ყველა დეტალს ვერ გავაჟღერებ, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ ძალიან კონკრეტული მუშაობა მიდის ამაზე და ამ ყველაფერს მალე დაინახავთ. უსამართლობის და სუბიექტური გადაწყვეტილებებს ინსტრუმენტები გაქრება,” _ განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ “გურია ნიუსთან.”
მიუხედავად დაწყებული რეორგანიზაციისა, სოციალურად დაუცველების პრობლემა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია მთელი ქვეყნის მასშტაბით.
მეზობლის ნაჩუქარი საპნის გამო შეჩერებული დახმარება, ეკალას გაყიდვით შეგროვებული კაპიკებით მიტანილი პური ოთხი შვილისთვის და პენსიონერების გაუსაძლისი ყოფა, _ ასეთია ის რეალობა, რომელშიც საზოგადოების დიდ ნაწილს წლების განმავლობაში უხდებოდა ცხოვრება.
დღის განმავლობაში სოციალური მომსახურების სააგენტოში დახმარების დანიშვნის ან გაუქმებული დახმარების აღდგენის მოთხოვნით უამრავი წერილი შედის. თუმცა, როგორც “გურია ნიუსისთვის” ხდება ცნობილი, ამ განცხადებებს შორის ბევრ უცნაურობასაც შეიძლება წააწყდეთ. მაგალითად, არიან ისეთებიც, რომლებიც სოციალურ დახმარებას მაშინაც კი ითხოვენ, როდესაც მათი ოჯახის შემოსავალი 25 000 ლარს აღემატება.
ერთ-ერთ წერილში, რომელიც სოციალური სააგენტოს უფროსის ნოე ქინქლაძის სახელზეა, ვკითხულობთ:
“ვარ სოციალურად დაუცველი და ჩემი ოჯახის სარეიტინგო ქულა შედგენს 48 610. ჩემი ოჯახის შემოსავალმა 2012 წელს შეადგინა 25 896 ლარი დასაბეგრი თანხა, რაც ჩემი ოჯახის მინიმალური საჭიროების დაკმაყოფილებისთვის საკმარისი არ არის. გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩემი ოჯახის მდგომარეობა და გაითვალისწინოთ ის გარემოება, რომ ამჟამინდელი სარეიტინგო ქულა ნაკლებია საარსებო მინიმუმის მისაღებ რაოდენობაზე...”
იმის გადასამოწმებლად, რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია, ჩვენ სოციალური სააგენტოს სამსახურის უფროსს, ნოე ქინქლაძეს დავუკავშირდით. მან დაადასტურა აღნიშნული ინფორმაცია და განაცხადა, რომ ნამდვილად შევიდა მათთან ამ სახის წერილი.
“გურია ნიუსის” კითხვაზე, _ ხშირია თუ არა ასეთი ფაქტები, ნოე ქინქლაძემ განაცხადა, რომ მსგავსი შინაარსის წერილები იშვიათად შედის სააგენტოში, რაც ალბათ გაუთვითცნობიერებლობის ბრალი უნდა იყოს…