(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ლანჩხუთს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე სტუმრობდა. გამგეობის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის მთავარი მიზანი ბავშვთა სარეაბილიტაციო დღის ცენტრ “იავნანას” მონახულება იყო. პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია “ბავშვი და გარემო” ახორციელებს.
_ ასეთი ცენტრების არსებობა უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის. აქ ყველაზე შეჭირვებული ფენის ბავშვები სათანადო დახმარებას იღებენ და ცენტრი ხელს უწყობს მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში. როგორც გავიგე, დაფინანსება პროექტს სექტემბერში უწყდება, თუმცა, სახელმწიფოს აქვს საშუალება ხელი შეუწყოს მსგავსი სარეაბილიტაციო ცენტრების არსებობას. ჩვენის მხრივ, ვპირდებით ლანჩხუთის “დღის ცენტრის” თანამშრომლებსა და ბავშვებს, რომ ორგანიზაციის არსებობას საფრთხე არ შეექმნება. დავათვალიერე აქაურობა და კმაყოფილი ვარ ნანახით. დარწმუნებული ვარ, აქ ბავშვები თავს დაცულად და კომფორტულად გრძნობენ, _ აღნიშნა მინისტრმა, რომელთან ერთად “დღის ცენტრში” გურიის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები იმყოფებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ლანჩხუთს უკვე მეოთხე მინისტრი ეწვია _ ურუშაძემდე მუნიციპალიტეტს გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე, განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი სტუმრობდნენ.