მინისტრის, დავით ნარმანიას განცხადებით, ხარისხის კონტროლის მიზნით სპეციალისტებმა რამდენიმე მიმდინარე საგზაო პროექტზე სინჯი აიღეს, რომელიც ლაბორატორიაშია გადაგზავნილი.
“სპეციალური კრიტერიუმები გვაქვს. ამ კრიტერიუმების მიხედვით რამდენიმე პროექტი შევარჩიეთ და სინჯები ავიღეთ. ლაბორატორიის დასკვნის საფუძველზე გვეცოდინება მიმდინარე პერიოდში, განხორციელებული სამუშაოები რამდენად ხარისხიანია. ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით აქტიური მუშაობა დავიწყეთ. ამისთვის გარკვეული თვალსაზრისით წესებს და რეგულაციებს ვცვლით. სამუშაოებზე ზედამხედველობა გავააქტიურეთ. არა მხოლოდ დაქირავებული ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტები ანხორციელებენ სამუშაოების ზედამხედველობას, არამედ ჩვენი სამსახურები და სამინისტროს ცენტრალური აპარატი აქტიურად არის ჩართული ყველა პროექტის ზედამხედველობის პროცესში. ნაბიჯ-ნაბიჯ, სისტემურად მოვაწესრიგებთ ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხთან დაკავშირებულ პრობლემებს,” _ ამბობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია.
მიმდინარე საგზაო სამუშაოებზე აღებული სინჯები შესამოწმებლად ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადაგზავნილი. ლაბორატორიული კვლევის შედეგები ცნობილი 2 კვირაში გახდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებნ, რომ პრობლემების აღმოჩენის შემთხვევაში მათ აღმოსაფხვრელად კომპანიას გარკვეული ვადა მიეცემა, წინააღმდEგ შემთხვევაში კი სასამართლო დავა დაიწყება.