საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლის, გიორგი კანდელაკის მოსაზრებით, ადგილი აქვს კორუფციულ გარიგებას და ნეპოტიზმს. “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” ამ საკითხით დაინტერესდა. “გურია ნიუსზე” ორგანიზაციის მიერ მოპოვებული ინფორმაცია და ანალიზი უცვლელად გამოქვეყნდა.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირინა იმერლიშვილი გამოქვეყნებულ მასალას სოციალური ქსელით გამოეხმაურა და საკმაოდ ვრცელი კომენტარი გააკეთა.
“არჩევნებზე, ტენდერებზე და კონკურსებზე სამართლიანი და გამჭირვალე საუკეთესო გამოვლენის გზა ჯერ არ მოგონილა. თუკი ჩვენი ოჯახის წევრი იწყებს მუშაობას სახელმწიფო სტრუქტურაში (თუნდაც ადრე საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე ნამუშევარი და თუნდაც მის კომპეტენციაში ეჭვი არ ეპარებოდეს არავის), მაშინ ეს ნეპოტიზმია და თუ შენი ოჯახის წევრი მუშაობას იწყებს კერძო კომპანიაში, რომელიც სახელმწიფოში ასობით გამოცხადებული ტენდერიდან ერთ-ერთი ტენდერის ერთ-ერთ ლოტში იმარჯვებს, ელექტრონულ და ღია ტენდერში, მაშინ ეს კორუფციაა???????
კორუფცია იყო, როდესაც ერთ პირთან მოლაპარაკებით ცხადდებოდა გამარჯვებული ყოველგვარი ტენდერის გარეშე. ან როდესაც 1 ლარად უამრავი ქონება გადაეცემოდათ ხოლმე სხვადასხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირებს. ვფიქრობ, ისიც ლოგიკურია, რომ უცხოელი ინვესტორი მას მერე ჩადებს ფულს, თუკი ტენდერი მოგებული იქნება. თუკი ადამიანს რამე აქვს დასაფარი, მაშინ როდის იყო ღიად აფიქსირებდა საკუთარ სახელსა და გვარს? სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არც მე და არც ჩემს მეუღლეს, არცერთი კანონი არ დაგვირღვევია, თუმცა სრულიად ნორმალურია არსებობდეს კითხვები და მათზე ასევე აუცილებლად უნდა არსებობდეს პასუხები.” _ წერს ირინა იმერლიშვილი.
2013 წლის 18 თებერვალს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ორი ელექტრონული ტენდერი (SPA130004297, SPA130004296), საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა კვებით უზრუნველყოფის მიზნით, რომელთა შესყიდვის საერთო ღირებულება შეადგენდა შესაბამისად 73,932.200 და 34,739.500 ლარს. ორივე ტენდერში შპს “ფუდ ლაინ ჯორჯიამ” მიიღო მონაწილეობა. კომპანიის გენერალური დირექტორი ირინა იმერლიშვილის მეუღლე შალვა ბებოშვილია.
სამეწარმეო რეესტრიდან მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ შალვა ბებოშვილი შპს “ფუდ ლაინ ჯორჯიას” დირექტორად 2013 წლის 4 აპრილს დაინიშნა, თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერებში წინადადების მიღების დაწყებამდე ერთი დღით ადრე. იმავე დღეს, “ფუდ ლაინ ჯორჯიას” 100% წილის მფლობელმა კონსტანტინე მანაგაძემ კომპანია ვინმე არჩილ ტუღუშზე.
“მიუხედავად იმისა, რომ არსებული ინფორმაციის საფუძველზე არ შეიძლება დავასკვნათ, ჰქონდა თუ არა ადგილი კანონის დარღვევას ან კორუფციულ გარიგებას, ცხადია, რომ ირინა იმერლიშვილის მეუღლის დირექტორად დანიშვნა აუქციონამდე ერთი დღით ადრე და კომპანიის გასხვისება იმ პირობით, რომ იგი თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვებდა, გონივრულ ეჭვებს წარმოშობს. უფრო მეტად საინტერესოა კომპანიის გასხვისების მიზნით ბოლოს დადებული ხელშეკრულების ერთ-ერთი მუხლი, რომლის თანახმად ინვესტორი კომპანიაში ინვესტირებას დაიწყებს იმ ვალდებულებათა შესრულების გრაფიკით, რომელიც განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონულ ტენდერში გამარჯვების საფუძველზე. შეგახსენებთ, რომ კომპანიაში წილის გასხვისების ხელშეკრულება 2013 წლის 16 აპრილს დაიდო, ხოლო თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერი ჯერ არ დასრულებულა. „ფუდ ლაინ ჯორჯიას“ დავალებული აქვს სატენდერო დოკუმენტების წარდგენა 2013 წლის 19 აპრილამდე” _ ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობის” მიერ გამოქვეყნებულ მასალაში.