სხდომას სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ხელმძღვანელი მაკა ჭყონია, მშობლების გარკვეული ნაწილი და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ. სხდომა ხმაურიანად, ცენტრის ხელმძღვანელის, მაკა ჭყონიას მიმართ წაყენებული ულტიმატუმით წარიმათა.
_აღშფოთებულები ვართ იმ ფაქტის გამო, რაც ჩვენს ბაღში მოხდა. ხორცი, რომელიც შემოდიოდა ასპინძიდან ორკვირიანი ინტერვალით, თურმე, მოდიოდა უმაცივროდ, ყოველგვარი სანიტარული ნორმების დაცვის გარეშე. მას ჰქონდა არაბუნებრივი, წითელი და მოშავო ფერი. ამ ფაქტს შეესწრნენ მშობლები: ნელი ლაგაზაშვილი, ლელა ძიძიშვილი და თათია კილაძე. როგორც გავიგეთ, ხორცის სატენდერო ფასი 11 ლარი და 50 თეთრი ყოფილა, ჩვენ ვითხოვთ ოფიციალურ დოკუმენტს, სადაც გაშიფრული იქნება ყველა ხარჯი, (ხორცის შეძენა, ტრანსპორტირება, ლაბორატორიული შემოწმება და ა.შ.) აგრეთვე ვითხოვთ სრულყოფილ ლაბორატორიულ გამოკვლევას, რათა დავრწმუნდეთ, რის და რომელი კატეგორიის ხორცს აჭმევენ ჩვენს შვილებს. ასევე გვაინტერესებს, თუ რატომ არ ჰქონდა ხორცის ნაჭრებს ბეჭედი (დამღა) დარტყმული და შეიძლება თუ არა, მხოლოდ ფარატინა ქაღალდს ვანდოთ ჩვენი შვილების ჯანმრთელობა? გვაინტერესებს, რატომ შემოდიოდა ხორცი ორკვირიანი ინტერვალით, რატომ აჭმევდნენ ჩვენს შვილებს გატარებულ თუ დაჭრილ-დამარილებულ გამომშრალ მწვანილს და სხვა ბოსტნეულს? _ ასეთი კითხვები დასვეს მშობლებმა.
მათ განაცხადეს, რომ განცვიფრებული არიან მოთხოვნით, რომელიც აქვს მშობელთა მიმართ ბაღის მენეჯერს, _ საბავშვო ბაღში, ერთი თვის განმავლობაში, ბავშვი ერთი დღეც რომ იყოს ნამყოფი, მაინც 15 ლარია გადასახადი! თუ 15 ლარი არის ოფიციალური გადასახადი, სად მიდის დარჩენილი დღეებისთვის განკუთვნილი თანხა და რატომ არ ხმარდება ის ბაღში მესამე ჯერს-სამხარს.
მშობლები ასევე დაინტერესდნენ 26 მარტს მომხდარი ფაქტის გამო, როგორ შეუძინეს ბაღებს ჯერ საშუალო ზომის, შემდეგ კი დიდი ზომის საყინულე?
რატომ წაიღო სურსათის უვნებლობის სამსახურმა ბათუმში არა ის ხორცი, რომელიც საეჭვო იყო და სკანდალი გამოიწვია, არამედ შემდეგ შემოტანილი სხვა ხორცი? ამჟამად ჩვენთვის ცნობილია, რომ ლაბორატორიულ დასკვნაში წერია, ხორცი „უსაფრთხოაო“, (უსაფრთხო შეიძლება იყოს ცხენის, ვირის და კამეჩის ხორციც). ეს პასუხი არ არის დამაკმაყოფილებელი.
მშობლებმა მოითხოვეს, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ გააძლიეროს მონიტორინგი, ოზურგეთის საბავშვო ბაღებში პროდუქტების შეტანასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ სკოლამდელი_ სააღმზრდელო ცენტრის ხელმძღვანელი მაკაჭყონია ვერ ართმევს თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, უზრუნველყოს ჩვენი შვილების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა. ამასთანავე ჩვენს გაკვირვებას იწვევს ბაღების გაერთიანების 12 კაციანი შტატი მაღალი ხელფასებით, რაც არანაირად არაა სჭირო ბაღების ასე სამართავად, რეალურად ყველაფერი უმართავია. იმ შემთხვევაში, თუ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი არ მოგვცემს კონკრეტულ პასუხს ზემოთჩამოთვლილ კითხვებზე, იძულებული გავხდებით, მივმართოთ საქართველოს პროკურატურას“ _ თქვეს მათ და განმარტეს, რომ თუ ყველაფერი არ იქნება გარკვეული, სარჩელს შეიტანენ პროკურატურაში, 53 მშობლის ხელმოწერით.
შეხვედრაზე არაერთხელ გაისმა მშობლების აღშფოთებული ხმა:
” ჩვენი შვილები არავის ენაღვლება, თქვენ აჭმევთ თქვენს შვილებს ორი კვირის დაჭრილ დამარილებულ ბოსტნეულს? ასეთ ხორცს აჭმევთ? რა ევალება ცენტრს? ბავშვების ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება! თქვენ გინდათ ახლა, ბაღის მენეჯერს გადააბრალოთ ყველაფერი. ჩვენ კი მათი მადლობელი ვართ, რომ ეს ხორცი ბავშვებს არ აჭამეს, სხვა ბაღების გამგეებმა, რომლებმაც ხმა არ ამოიღეს, იმათი საქმეც გასარკვევია. არ არის ასე, ჩვენ სიმწრით და გაჭირვებით ვზრდით ჩვენს შვილებს და თქვენ ფულის გამო წირავთ მათ ჯანმრთელობას. აგეთ პასუხი ამ ყველაფერზე, იმ ხორცს ღირსეული ადამიანი ძაღლს არ აჭმევს“.
_ მე არ ვინტერესდებიო და ეს ჩემი მოვალეობა არააო, ასე ამბობს ქალბატონი მაკა. ეს არის ყველაზე ამაზრზენი, თავხედური პასუხი, ვინ მფარველობს ასეთი მაკა ჭყონიას? რისთვის იღებს ამხელა ხელფასს? რა შედის, აბა, მის ინტერესში? _ ასე დასვა საკითხი ერთ-ერთმა მშობელმა. ასევე მშობელმა ნელი ლაგაზაშვილმა თქვა, რომ ბავშვები ხშირად იწამლებოდნენ და ამაზე პასუხისმგებელი არავინაა.
_მითხარით, რაა გამოსავალი, რა ეშველება ჩემს შვილს? შეიქმნას ლაბორატორია სასწრაფოდ. 12 კაციან სამსახურს, როდესაც ამას ვეკითხებით, თითს იშვერენ მენეჯერისკენ. მაშინ არ გვჭირდება ეს 12 კაციანი სამსახური, რომელსაც სოლიდურ ხელფასს უხდიან ბიუჯეტიდან. აჭამეთ ჩვენს შვილებს ვარგისიანი ხორცი, ადამიანები არ ხართ? ნუ მიიღებთ, გენაცვალე, პრემიებს და მიეცით ჩვენს შვილებს ნორმალური საკვები! _ ნელი ლაგაზაშვილი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი დიმიტრი კვერღელიძე: “ქალბატონო მაკა, ძალიან მიკვირს, რომ თავის მართლების პოზიციას ირჩევ! შენი მოვალეობაა, რომ პირველი დაინტერესდე ამ ყველაფრით. თუ ყველაფერი კარგად იყო, თუ მუნიციპალიტეტს აქვს მიდგომა, რომ ინდ.მეწარმე კეთილსინდისიერია, თუ არსებობს დასკვნა, რომ ეს ხორცი საკვებად ვარგისია, მაშინ რატომ გაწყვიტე ურთიერთობა, იმ ინდ.მეწარმესთან, რომელსაც უნდა ეზრუნველეყო ხორცის შემოტანა? კეთილი ინებოს და როგორც უნდა, ისე შეასრულოს ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულება. ნუ უწევთ, ქალბატონო მაკა, ადვოკატირებას იმ ადამიანებს, ვისი პასუხისმგებლობის საკითხი, შეიძლება, დადგეს. შეიქმნას მონიტორინგის სამსახური, რომელიც კონტროლს გაუწევს ბაღების საქმიანობას.
ოზურგეთის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ხელმძღვანელი მაკა ჭყონია: “ხელშეკრულების შეწყვეტაზე მათი მხრიდან წამოვიდა ინიციატივა, რადგან ატყდა საყოველთაო პანიკა. მე მისთვის ხელშეკრულება არ შემიწყვეტია და არც არავის ვუწევ ადვოკატობას.
სხდომის დასასრულს კი, გარდა ლაბორატორიის შექმნისა და მონიტორინგის საბჭოს ჩამოყალიბებისა, მთავარ საკითხად დააყენეს ინდმეწარმე მიქელაძის ადგილზე ჩამოყვანა და ყველა იმ დაგროვილ კითხვაზე პასუხის მიღება, რაზეც საზოგადოება ბჭობს, თითქმის, ერთი თვეა.