13:00 საათისთვის ორგანიზაციას მხოლოდ ერთი საჩივარი აქვს დაწერილი: სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიბლარის მე-20 საარჩევნო უბნის გადასატანი ყუთის მეშვეობით ხმა მისცა ამომრჩეველმა, რომელიც არ იმყოფებოდა არც ძირითად და არც გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში. მან ხელი სხვა პირის გრაფაში მოაწერა, ხოლო იმ პირს, ვის ნაცვლადაც ხელი უკვე მოწერილი იყო გრაფაში, მაინც მიეცა ხმის მიცემის შესაძლებლობა. ჯერჯერობით სხვა სერიოზული დარღვევები არ დაფიქსირებულა.
მცირე დარღვევები შემდეგ ფაქტებს მოიცავს:
- სამტრედიაში 43-ე და მე-12 უბნებზე, პირები სამკერდე ნიშნის გარეშე იმყოფებოდნენ. მათ განაცხადეს, რომ ცესკოს წარმომადგენლები იყვნენ და სამკერდე ნიშანი ჯერ არ ჩამოსვლიათ. ჩვენი დამკვირვებლის მოთხოვნით, პირებმა დატოვეს უბანი.
- სამტრედიაში მე-3, მე-12 და მე-40 უბნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაციას „საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრი“ ერთის ნაცვლად სამ-სამი დამკვირვებელი ჰყავდა. ჩვენი დამკვირვებლის მოთხოვნის შემდეგ სამივე შემთხვევაში ორმა დამკვირვებელმა დატოვა უბანი.
- სამტრედიაში 50-ე უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაციის „ახალი თაობა დემოკრატიული არჩევნები“ ერთის ნაცვლად ორი წარმომადგენელი იმყოფებოდა. ჩვენი დამკვირვებლის მოთხოვნის შემდეგ ერთ წარმომადგენელი გავიდა უბნიდან.
- ბაღდათში მე-10 უბნის მიმდებარედ გამოკრული იყო სააგიტაციო მასალა, რომელიც ჩვენმა დამკვირვებლებმა ჩამოახსნევინეს.
ტენდენციის სახით შეიძლება აღინიშნოს, რომ, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, საარჩევნო უბნებზე ბიულეტენების რაოდენობა ამომრჩეველთა რაოდენობაზე ნაკლებია. ამასთანავე, ბევრი საარჩევნო უბნის გარეთ საარჩევნო სუბიექტების კოორდინატორები იმყოფებიან, რომლებიც აღნუსხავენ უბანზე მისულ ამომრჩევლებს.