“დღეს არის ტენდენცია, რომ სამსახური არ უნდა ჰქონდეს არავის, ვინც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დროს საჯარო სექტორში მუშაობდა. ამ ადამიანების გამოდევნა ნაბიჯ-ნაბიჯ მიმდინარეობს და მასშტაბები დღეს უკვე საგანგაშოა. ამ თემაზე ლაპარაკობს უმცირესობა, არასამთავრობო სექტორი… ამის მიუხედავად, სიტუაცია არ იცვლება.
პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა განცხადება და შინაგან საქმეთა მინისტრს დაავალა საკითხის შესწავლა, მაგრამ ერთია საუბარი და მეორე – ხელისუფლების ქმედება. მე მგონია, რომ ასეთი განცხადებების მიზანია, საერთაშორისო საზოგადოებას დაანახონ, თითქოს, შეწუხებული არიან ხალხის მასობრივი დათხოვნით სამსახურებიდან. პრაქტიკულად კი, ამ პროცესის გასაჩერებლად, ხელისუფლება არაფერს აკეთებს. უფრო მეტიც, ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ სამსახურში აღადგინა მესტიის გამგეობიდან გათავისუფლებული მაია სორდია. მესტიის გამგებელი კი პირდაპირ აცხადებს, რომ არ აპირებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას. მთავრობა გამგებელს პასუხსაც არ სთხოვს. ვფიქრობ, აქ უკვე კომენტარის გაკეთებაც ზედმეტია,” _ გვითხრა ირმა ნადირაშვილმა.
მესტიის გამგებელმა, კახა ჟორჟოლიანმა ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა, რომ მაია სორდიას მიმართ გამოტანილი ბრძანება სასამართლომ ბათილად ცნო და ეს იყო პირველი ეტაპი სასამართლოში.
_ სააპელაციო სასამართლოში ვაპირებ საქმის გაგრძელებას, ყველაფერს კანონის ფარგლებში ვაკეთებ და მე უსამართლოდ არაფერი არ გამიკეთებია. _ გვითხრა კახა ჟორჟოლიანმა.