წარმოიდგინეთ, რამდენიმე მილიარდს აღწევს უკვე “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ჩამორთმეული ის ქონება, რაც ძალადობის გზით განხორციელდა ბოლო წლებში და რამდენიმე მილიონზე ადის ზარალი, რომელიც ადამიანებს სხვადასხვა ქმედებების შედეგად მიადგა”. _ აცხადებს “გურია ნიუსთან” ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია.
_ 5 მილიარდს აჭარბებს მთლიანობაში ზიანი, რომელიც ქონების ჩამორთმევის შედეგად მიადგათ მოქალაქეებს “ნაციონალური მოძრაობის” ძალადობრივი რეჟიმის შედეგად. ეს არის უპრეცედენტო მასშტაბი იმ ადამიანებისა, რომლებიც ითხოვენ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას.
ქონების ჩამორთმევა ხდებოდა სხვადასხვა მეთოდით: “ჩუქება” ეკონომიკის სამინისტროსთვის ან კერძო პირებისთვის, გაურკვეველი სახის ფონდებისთვის გადახდა, ასევე საპროცესო შეთანხმებებით ფულის “ამოღება”. ადამიანებს აღატაკებდნენ, ყვლეფდნენ და ამ ყველაფერს სათავეში ედგა ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც საქართველოს წინა ხელისუფლების სახელით მოქმედებდა. ადამიანთა უფლებების დარღვევების თვალსაზრისით, უპრეცედენტო რაოდენობა დაფიქსირდა მათი მმართველობის პერიოდში.
_ რამდენი განცხადებაა ამ დროისთვის თქვენს კომიტეტში შემოსული?
_ ამ დროისთვის ჩემთან უკვე 6 000 -ზე მეტი განცხადებაა შემოსული და ბევრად მეტი პროკურატურაში. ამ განცხადებების რაოდენობა იმატებს და არ იკლებს და მათი 90% ეხება სწორედ ოქტომბრის არჩევნებამდე ჩადენილ უკანონო ქმედებებს.
ახლა ვაკეთებ სწორედ 6 თვიანი პერიოდის ანალიზს და მაისის თვეში უფლებათა დაცვის კომიტეტში გამოვაქვეყნებ შემოსული წერილებისა და განცხადებების მონიტორინგის ანგარიშს, რაც ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იქნება.