ექიმების თქმით, აუცილებლად უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც მუნიციპალიტეტში არსებული ერთადერთი საავადმყოფო 1 ლარად გაყიდეს და პერსონალს 3 წელია მონურ პირობებში ამუშავებს.
ქირურგ ცისანა გოგოლაძის თქმით, ხელისუფლება აუცილებლად უნდა დაინტერესდეს “ადითის” საქმიანობით და ყველა მისი ქმედება საჯარო უნდა გახდეს.
როგორც ჩვენი კორესპონდენტი ლანჩხუთიდან იტყობინება, ექიმებმა მიიღეს პირობა ხელფასის ჩარიცხვაზე და დროებით შეწყვიტეს გაფიცვა.
“აღდგომის ბრწყინვალე დღესასაწაულზე ინტელიგენცია ცუდ დღეში აღმოვჩნდით. დღემდე ხელფასები არ დაგვერიცხა. მიუხედავად იმისა, რომ დაპირება ყველა ინსტანციიდან მივიღეთ. ჩვენ წინასწარ გავაფრთხილეთ ყველა, რომ ვაპირებდით გაფიცვას, რაც ყველა მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა, მაგრამ ჩვენ მივიღეთ სამინისტროდან ცნობა, რომ თუ წახვალთ, გათავისუფლდებით სამსახურიდან. უშუალოდ მინისტრიდან ეს ინფორმაცია არ მოდის,” _ ასეთ განცხადებას “გურია ნიუსთან” ლანჩხუთის მედპერსონალი აკეთებს.
რამდენად შეესაბამება სიმართლეს ეს ინფორმაცია, ამის გასარკვევად, ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველს სადაზღვევო საკითხებში ლაშა ნიკოლაძეს დავუკავშირდით.
_ ჯანდაცვის სამინისტრო როგორ გაათავისუფლებს კერძო კლინიკის მედპერსონალს სამსახურებიდან? ეს არის არასწორი ინფორმაცია.
რაც შემიძლია “ადითთან” დაკავშირებით გითხრათ, ის გახლავთ, რომ “ადითის” ინვესტორი ორი დღის წინათ შეხვდა მინისტრს და ბატონმა დავით სერგეენკომ პირველი მოთხოვნა დაუყენა ის, რომ სახელფასო დავალიანება ბოლომდე გადაეხადათ. ჩვენ ველოდებოდით, რომ აღდგომამდე სრულად თუ არა, ნაწილი დაფარვა მაინც მოხდებოდა , რადგან მათგან დაპირება იყო, რომ თუ სრულად ვერ მოვახერხებთ დაფარვას, გრაფიკს მაინც შევადგენთო.
მე გავეცანი “გურია ნიუსის” ინფორმაციას ლანჩხუთში გაფიცვის შეწყვეტასთან დაკავშირებით და ჩავთვალე, რომ ეს პრობლემა მოაგვარეს.
გარკვეულწილად, სამინისტროს მედიატორული როლი გამოიხატა იმაში, რომ კონკრეტულმა სადაზღვევოებმა რაღაც თანხა ჩაურიცხეს “ადითს”, რისთვისაც “ადითის” უცხოელმა დამფუძნებელმა მადლობაც კი გადაუხადა სამინისტროს.
_ ბატონი დავით სერგეენკო “აიჰოპის” წარმომადგენლობას შეხვდა?
_ დიახ, ისინი მოსულები იყვნენ ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად და მინდა გითხრათ, რომ პირველი და უპირობო მოთხოვნა იყო, რომ სახელფასო დავალიანებები გადახდილიყო.
_ ბატონო ლაშა, გაუგრძელდა ამ კომპანიას ხელშეკრულება? ექიმები ამ ფაქტსაც აპროტესტებდნენ დღეს.
_ არა, არ გაუგრძელდათ ხელშეკრულება. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, პირველი და უპირობო მოთხოვნა ბატონი მინისტრისგან იყო ასეთი: ჯერ დაფარეთ სახელფასო დავალიანებები და შემდეგ ვილაპარაკოთ სხვა პრობლემებზეო.