ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალეკო მამეშვილი პირველად კომენტარს „გურია ნიუსთან“ აკეთებს და აღნიშნავს, რომ საკრებულო და თვითონ ამაყობს ბაღების გაერთიანების საქმიანობით და აიპ-ის გარშემო სკანდალს, ხელოვნურად ატეხილს უწოდებს.
_ერთი ის, რომ არანაირი საფრთხე არ უნდა დაემუქროს ბავშვის კვებას, მეორე ის, რომ ამ უსაფრთხოებას ნამდვილად იცავს ბაღების გაერთიანებაც და საკრებულოც. თემა, რომელიც გაჟღერდა, ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს სვამს, იგივე ხორცის გადატანასთან დაკავშირებით, იგივე მაცივრებზე, მაგრამ მთავარია, რომ ამ ამბავს რაიმე ცუდი შედეგი არ მოჰყოლია, იმ ხორცს, რომელზეც საუბრობენ, რომ დაზიანებული იყო, ბავშვები მთელი თვის განმავლობაში მიირთმევდნენ და რატომღაც ბოლო დღეებში ატყდა სკანდალი. აღმოჩნდა, რომ ხორცის ბოლო ნაჭერი, მხოლოდ ერთ ბაღში იყო დაზიანებული. მე ეჭვის ქვეშ ვაყენებ ამ თემას. ის, რომ ვიღაცამ თითი გაუშვიროს აიპს, ან საკრებულოს, ეს არ არის სწორი. 1800 ბავშვი დადის ბაღში და ძალიან ბევრი ჩემი მეგობრის შვილია. ამის შემდეგ ყველა ბაღში მოეწყო მშობელთა კრება და გააცნეს მათ ის დასკვნა, რაც დადო სურსათის უვნებლობის და ვეტერინარიის სამსახურმა. ისინი თანახმა იყვნენ, ბავშვებს ეჭამათ ის ხორცი, რაც შემოდიოდა ბაღებში. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაცია იყო მიწოდებული, მოაწყვეს ამხელა სკანდალი. დღესაც ვამაყობ ამ ბაღების აიპით და დღესაც უამრავ საქმეს აკეთებს ეს გაერთიანება, _ აცხადებს მამეშვილი.
_ ბატონო ალეკო, ესე იგი, თქვენ ამბობთ, რომ ბაღებში ატეხილი აჟიოტაჟი უსაფუძვლო და ხელოვნური იყო?
_კი, ბატონო.
_თუმცა, არსებობს ფაქტი, არსებობენ თვითმხილველები…
_ ბევრ შეკითხვები ჩნდება, რა თქმა უნდა, რომელსაც შეიძლება, ობიექტურად გავცე ან ვერ გავცე პასუხი. ამიტომ თავს შევიკავებ. იყო კომისიის სხდომა, სადაც განიხილეს მშობლების განცხადება, თუმცა აიპი-სგან მომზადებული პასუხი ვერ მოვისმინეთ, რადგან სიტუაცია გახდა უმართავი, დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ, პასუხი მოითხოვოთ. ყველა მშობლის კითხვას გაეცემა პასუხი. მაგრამ მშობლები იმითაც ინტერესდებიან, რომ რად უნდა მაკა ჭყონიას მოადგილე და ამდენი თანამშრომელი, თუმცა, მაკა ჭყონიას მოადგილე არ ჰყავს. იგივე საკითხი, რომ ბაღებში მწვანილი ორ კვირაში ერთხელ შედის, შეიცვლება და ერთ კვირაში შევა, რადგან ამაზეც არსებობს პრეტენზია. ნამდვილად არის კომპეტენტური ის დასკვნაც, რაც გაკეთდა, _ გვითხრა მამეშვილმა.





























































