საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამასწინათ განაცხადა, რომ შესაძლოა. ყოფილ ხელისუფლებასა და ბოსტონის ტერაქტის ორგანიზებაში ბრალდებულ ტამერლან ცარნაევს შორის კავშირი არსებობდა.
“ეს განცხადება უბრალოდ სასაცილოა,” _ განაცხადა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა გამოცემა “The Cable”-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ხელისუფლებაში მოსულმა “ქართულმა ოცნებამ” სააკაშვილის მთავრობის არა ერთი წევრი დააპატიმრა კორუფციის ბრალდებით, მაგრამ ბოსტონის ტერაქტის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტს ახალ ბრალდებაზე უწევს პასუხის გაცემა. მას ჩეჩენი ტერორისტების მხარდაჭერაში სდებენ ბრალს, უფრო მეტიც, ამბობენ, თითქოს ბოსტონის ტერაქტში ეჭვმიტანილი ტამერლან ცარნაევი 2012 წელს საქართველოშიც კი იმყოფებოდა.
“შესაძლოა ბოსტონის ტერაქტში ეჭვმიტანილს კავშირი ჰქონდა საქართველოში მომზადებულ ტერორისტებთან. შესაძლო კავშირს საქართველოს მთავრობა იძიებს,” _ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში.
ამ განცხადებით პრემიერმა უფრო სარწმუნო გახადა რუსულ გაზეთ
“Izvestia”-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ტამერლან ცარნაევი ჯეიმსთაუნისა და კავკასიის ფონდების მიერ ორგანიზებულ სემინარებს ესწრებოდა საქართველოში.
სააკაშვილი უარყოფს ამ ბრალდებას და აცხადებს, რომ პრემიერის დაუსაბუთებელი განცხადებები ქვეყნის იმიჯს აზიანებს.
“ცარნაევი საქართველოში ნამყოფი არ არის. მან ეს კარგად იცის, მაგრამ ივანიშვილი და მისი გუნდი, შესაძლოა, ამ ფაქტებით სპეკულირებენ ერთადერთი მიზნით _ ეჭვქვეშ დააყენონ სააკაშვილის რეპუტაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ”, _ ამბობს სააკაშვილი.
ივანიშვილი აცხადებს რომ ყოფილი ხელისუფლება ჩეჩენ ტერორისტებს მფარველობდა და მისი ქმედება ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს ასევე გაუგებარი და გაუმართლებელია.
ივანიშვილის მიერ დანიშნულმა სახალხო დამცველმა ლაფანყურის სპეცპერაციასთან დაკავშირებით საკუთარი დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც განაცხადა, რომ სააკაშვილის ხელისუფლება წვრთნიდა და აიარაღებდა ჩეჩენ მებრძოლებს. პრემიერ მინისტრ ივანიშვილის თქმით, სახალხო დამცველის დასკვნაში მოყვანილი ფაქტები გამოძიების დაწყების საფუძველს იძლევა.
“ჩვენთვის ცნობილია, რომ წლების განმავლობაში, საქართველო მეომრებისთვის სატრანზიტო ქვეყნის როლს ასრულებდა. ჩვენ ამას შევაჩერებთ ყველა შემთხვევაში,” _ განუცხადა ივანიშვილმა
“New York Times”-ს.
ივანიშვილი ასევე გეგმავს 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებას. ის ხშირად ამბობს, რომ ომი ნაწილობრივ სააკაშვილის ქმედებებმა გამოიწვია. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა
“The Cable”-ს განუცხადა, რომ ივანიშვილი აძლიერებს რუსეთის მთავრობის რიტორიკას ომთან და ჩეჩენ ტერორისტებთან დაკავშირებით: “არ ვფიქრობ, რომ ამას ივანიშვილი შეგნებულად აკეთებს. ის, უბრალოდ, იმეორებს იმას, რასაც რუსეთის ყველაზე ექსტრემისტული ფრთა ამბობს _ მისი განცხადებები ემთხვევა პუტინის და რუსი ექსტრემისტების განცხადებებს.”
ივანიშვილის განცხადება თვით მის პარტიაშივე უარყვეს.
“ვფიქრობ, რომ ისეთ საკითხებზე, რაც სენსიტიურია, როგორც საშინაო ასევე საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, უკეთესია, თუ გამოძიების შედეგებს დაველოდებით,” _ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა.
საქართველოს ახალი ხელისუფლება აცხადებს რომ ევროპასთან და ნატოსთან ინტეგრაცია კვლავაც პრიორიტეტული მიმართულებებია.
სხვაგვარად ფიქრობს სააკაშვილი , რომელიც აცხადებს, რომ საკუთარი ქვეყნის მუდმივად დადანაშაულება ტერორისტებთან კავშირში, ამ ინტეგრაციის რეალობას ეჭვქვეშ აყენებს: “ყველა ჩვენმა მოკავშირემ იცის ჩვენი დამოკიდებულება ტერორიზმთან მიმართებაში. ახლა ისინი შეწუხებულები არიან ამ განცხადებებით, რადგან ეს ქვეყნები მხარს გვიჭერდნენ. ივანიშვილი მათ ეუბნება, რომ სიმართლე აბსოლუტურად განსხვავებულია.”
სააკაშვილი მის შესაძლო პასუხისმგებლობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ამაზე დიდად არ ნაღვლობს: “არ მგონია, რომ ჩემი პერსონა ასეთი მნიშვნელოვანი იყოს. მათი მთავარი მიზანი მთლიანად ოპოზიციის განადგურებაა და ეს 100-ჯერ უფრო უარესია”
სააკაშვილმა ამერიკას და დასავლეთს სირიის კრიზისში უფრო მეტად ჩართვისკენ მოუწოდა, რადგან მისი თქმით ოპოზიციის რადიკალიზაციამ და დასავლეთის ჩაურევლობამ ვითარება უფრო დაამძიმა.