ჩოხატაურელთა რჩეულებიდან გიორგაძის კანდიდატურას მხარი მხოლოდ ორმა ოპოზიციონერმა _ ვახტანგ გაჩეჩილაძემ და დავით შარაშიძემ არ დაუჭირეს.
გია გიორგაძემ მისი სამოქმედო პროგრამა საკრებულოს 29 ოქტომბერს წარუდგინა. ეს პროგრამა, რომელიც ჩოხატაურელმა კანონმდებლებმა მოიწონეს და მხარი დაუჭირეს, საკმაოდ ვრცელია და დიდ მუშაობას მოითხოვს. აწ უკვე გამგებელ გიორგაძის მთავარი დაპირება მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯობესებაა.
_ ჩემი მთავარი მიზანია მოსახლეობის დასაქმება და მათი შემოსავლების გაზრდაზე ზრუნვა, ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლების წყაროს მოძიება. მაქსიმალურად შევეცდები, განვითარდეს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურა _ კერძოდ, მოწესრიგდება შიდა გზები. პირველ რიგში, შევეცდები კეთილმოეწყოს დაბის ტერიტორიაზე არსებული ქუჩები, _ ამბობს გამგებელი.
გია გიორგაძის განმარტებით, მომავალი წლისთვის პრიორიტეტი მიენიჭება სოფლების: ქვემოერკეთი _ ერკეთის, ხიდისთავი _ ქვენობანის, ჩაისუბანი _ ხიდისთავის, შუაგანახლება _ ზომლეთის, ქვემოერკეთი _ იანეულის და ბუკისციხე _ ზემოსურების მიმართულებით საავტომობილო გზების მოწესრიგებას, სადაც ძირითადად შავი საფარია დასაგები.
_ ვეცდები, ხელი შევუწყო დაბის წყალსადენის მშენებლობის დამთავრებას, შიდა ქსელის მოწყობას და ტერიტორიულ ორგანოებში წყალმომარაგების გაუმჯობესებას. პირველ ეტაპზე მოეწყობა საკანალიზაციო შემკრები ქსელი დაბის ტერიტორიაზე, შერჩეულია ტერიტორია საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობის მშენებლობისათვის, _ აღნიშნავს გიორგაძე.
გამგებელი იმის პირობასაც დებს, რომ დაბის მთელი ტერიტორიის გაზიფიცირებისთვის ძალებს არ დაიშურებს.
_ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ყურადღებას მივაქცევ სკოლამდელი დაწესებულებების და ჯანმრთელობის ობიექტების შენობების რეაბილიტაციას და სოციალური პირობების გაუმჯობესებას; ხელს შევუწყობ კომუნალური მომსახურების განვითარებას და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ვგეგმავ დაბაში ავტოსადგურის ტერიტორიის კეთილმოწყობას; შევეცდები, მოვიძიო ინვესტიციები, რათა განმტკიცდეს განათლებისა და ჯანდაცვის სფეროს დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა; ხელს შეუწყობ კულტურის დარგისა და სპორტის სხვადასხვა სახეობების განვითარებას, მუზეუმების განახლებას და ისტორიული ძეგლების მოვლა-პატრონობას, სპორტული მოედნების კეთილმოწყობას, _ გვპირდება რამდენიმე დღის არჩეული გამგებელი.
გიორგაძე ამბობს, რომ მისი მთავარი ამოცანა იქნება, გამონახოს გზები ინვესტიციის მოსაძიებლად, რათა დაბაში დაიწყოს კულტურის სახლის მშენებლობა.
საარჩევნო პროგრამაში გიორგაძემ, ყველა ჩვენი პოლიტიკოსის მსგავსად, ერთი ქვეთავი ბახმაროსაც დაუთმო და დაპირებებიც მოგვცა:
_ ხელს შევუწყობ საკურორტო სფეროს და ტურიზმის განვითარებას. კერძოდ, ყურადღება დაეთმობა საოჯახო ტურიზმის განვითარებას, ამ სფეროში კადრების მომზადებას. აუცილებელია კურორტ ბახმაროს ინფრასტრუქტურის განვითარება. კერძოდ: ყურადღება მიექცევა შიდა გზების მოწესრიგებას, წყალსადენის რეაბილიტაციას, საქუჩო განათების მოწყობას და სანიტარულ ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესებას, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა უკანონო მშენებლობებზე კონტროლს. კურორტ ბახმაროში არსებული პრობლემების აღმოფხვრისა და მენეჯმენტის უკეთ წარმართვის მიზნით, ვიზრუნებ კურორტის ადმინისტრაციის იურიდიული პირის სტატუსით ჩამოყალიბებაზე, რომელიც წარმართავს კურორტის საქმიანობას.
გამგებელი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მისი პროგრამა დაპირებებად არ დარჩება და ის ძალებს არ დაზოგავს მათ შესასრულებლად.
გამგებელი პრესასთან ურთიერთობაზეც ამახვილებს ყურადღებას და გვპირდება, რომ ამ სფეროში თანმიმდევრული იქნება:
_ ვიქნები თანმიმდევრული მასმედიასთან. განსაკუთრებულ ადგილს დავუთმობ თვითმმართველობისა და მართვის დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებას. საკრებულოსა და გამგეობის ერთობლივი საქმიანობით, უახლოეს მომავალში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს ექნება მოწესრიგებული შიდა გზები, გამართული წყალმომარაგება, მოხდება სრული ელექტროფიცირება, გაზიფიცირება, განვითარდება აგრარული სექტორი და დასაქმდება მოსახლეობა, აღორძინდება ტურიზმი და კურორტები თავისი ინფრასტრუქტურით, _ ხმამაღალ დაპირებებს იძლევა გიორგაძე, რომელსაც ხალხის რჩეულთა ნდობა უკვე აქვს.
მოიპოვებს თუ არა მოსახლეობის ნდობას და შეასრულებს თუ არა დაპირებებს ახალი გამგებელი, ახლო მომავალში გაირკვევა, თავად კი გვარწმუნებს, რომ იმედებს არავის გაუცრუებს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved