ორი თვეა, რაც ოზურგეთში, არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი (ააიპ) “ოზურგეთის კომუნალური მომსახურების ცენტრი” შეიქმნა, რომლის ხელმძღვანელად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურისა და ურბანიზაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ კვერღელიძე დაინიშნა. არჩილ კვერღელიძე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარტიული სიის მეხუთე ნომერი იყო. რამ განაპირობა მისი საკრებულოდან წასვლა, თავად მიიღო თუ არა გადაწყვეტილება ცენტრს ჩადგომოდა სათავეში და რამდენად მიზანშეწონილად მიაჩნია ცენტრის დაფუძნება, ამის შესახებ იგი “გურია ნიუსთან” საუბრობს.
_ თქვენ ხალხის რჩეული იყავით და საკრებულო დატოვეთ, რის შესახებ ღიად არ გისაუბრიათ. ეს გადაწყვეტილება თავად მიიღეთ?
_კი. ჩემი სურვილით წამოვედი. მინდოდა ჩემი პროფილით გამეგრძელებინა მუშაობა. გამოცდილება მაქვს ბიზნესში, კომუნიკაბელურიც ვარ. გადაწყვეტილება თავად მივიღე. როცა დაიბადა იდეა კომუნალური მომსახურების ცენტრის შექმნის შესახებ, ვარჩიე აქ წამოვსულიყავი და დამეტოვებინა საკრებულო.
_ რამდენი ხანია, რაც ცენტრი შეიქმნა და რა პრობლემები გაქვთ?
_ ცენტრი ორი თვეა, რაც დაფუძნდა. ახლა კიდევ მიდის საშტატო განრიგის დახვეწა კვალიფიციური კადრებით. რაც კითხვით ნიშნის ქვეშ დგას, არის სასაფლაოების მოვლა და რეგისტრაცია. ვნახოთ, რამდენად გამოგვივა ეს საქმე, თუმცა, ჩვენს ხელმძღვანელობასაც დიდი სურვილი აქვს ამის და იმედი მაქვს, გვერდში დაგვიდგება. ჯერ განცხადებები არ შემოსულა არცერთი მოქალაქიდან, თუმცა, ყველანი ამ ქალაქის შვილები ვართ და ვიცით პრობლემების შესახებ.
_ რამდენად სწორად მიგაჩნიათ კომუნალური მომსახურების ცენტრის შექმნა?
_ მართებულად მიმაჩნია _ ამ ცენტრში გაერთიანდა გამწვანება, გარე განათების მომსახურება, უპატრონო ცხოველების იზოლაცია. მთელი რიგი პრობლემებია ნასაკირალში, ურეკსა და ნატანებში _ წყალმომარაგების სისტემის გაუმართაობას ვგულისხმობ, რომელსაც ეტაპობრივად რეაბილიტაცია სჭირდება, დაზიანების შემთხვევაში კი შეკეთება ჩვენს კომპეტენციაში შევა. სტიქიის დროს, აუცილებელია სანიაღვრე არხების გაწმენდა და სხვადასხვა სამუშაოების შესრულება. ეს სამსახური იმითაც არის კარგი, რომ მობილური ჯგუფი იქნება, რომელიც ელექტროსადენის დაზიანების დროსაც კი გავა ადგილზე. ჩვენ გეგმით ვმუშაობთ, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უნდა წარვუდგინოთ.
_ სკვერების და ბაღების გამწვანებაც თქვენს სამსახურის კომპეტენციაში შედის?
_ დიახ. სკვერებსა და ბაღებში გამწვანების ზოლის მოწესრიგება ჩვენი კომპეტენციაა. უხერხულია, არსებობდეს მოუწესრიგებელი დასასვენებელი ადგილები.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved