გავრცელებული ინფორმაციით, გაერთიანებულ სამსახურს, რომელშიც გურიასთან ერთად მინიმუმ სამეგრელო გაერთიანდება, ანტონ ბარამიძე ჩაუდგება სათავეში. თავის დროზეც, გურია ფოთს ექვემდებარებოდა, მაგრამ რამაზ ნიკოლაიშვილის გურიის გუბერნატორად დანიშვნისთანავე, საგადასახადო სამსახური გურიაში დამოუკიდებლად დაფუძნდა.
ბოლოს მას ზემონახსენები ანტონ ბარამიძე თავკაცობდა. თავის მხრივ, ბარამიძემ ალეკო ბაქანიძე შეცვალა, რომელმაც თანამდებობა დიდი სკანდალის შემდეგ დატოვა _ გურიის საგადასახადოს სამი თანამშრომელი დააკავეს და მათ ბრალი მეწარმესთან გარიგებაში დადეს. მალე ისინი საპროცესო შეთანხმებით და 5 ათასი ლარის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. თუმცა, როგორც ირკვევა, სამივე მათგანი ტყუილად დაიჭირეს და “ჯარიმა, რომელიც მეწარმეს მათ თხოვნის გამო არ გამოუწერეს”, რეალურად არ არსებობდა!
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, როცა ბიზნესმენი კორნელი კუკულაძე და ერთ-ერთი დაკავებულ-გამოშვებული ინსპექტორი ერთმანეთს შემთხვევით შეხვდნენ, ერთმანეთს არ იცნობდნენ. ეს კარგად იცოდა კუკულაძის მეგობარმა და საგადასახადოს ყოფილ თანამშრომელს ჰკითხა, ამ ადამიანს თუ იცნობო. მან უარი თქვა. ინსპექტორი ვერც კუკულაძემ იცნო. მათმა საერთო ნაცნობმა საგადასახადოს ექსინსპექტორს უთხრა _ აი, ეს არის ის კორნელი კუკულაძე, ვისზეც ჩვენებაში დაწერე, მთხოვა და ჯარიმა ამიტომ არ დავუწერეო!
მოკლედ, ინსპექტორები ტყუილად გაწირეს და მათ “ნაციონალების” მიერ ისედაც გაკულაკებული ბიზნესმენი გააწირინეს. ამ ამბით ყველაზე მეტად სწორედ ბარამიძემ იხეირა _ მან ბაქანიძის თანამდებობაც დაიკავა და როგორც ბიზნესმენი კორნელი კუკულაძე ამბობს, მის საბოლოოდ გაკოტრებაში დიდი წვლილი სწორედ საგადასახადოს უფროსმა და მისმა “რჩევებმა” შეიტანეს.
ჩვენს მკითხველს, ალბათ, ეცნოთ ბიზნესმენის გვარ-სახელი _ კორნელი კუკულაძის საქმეზე სკანდალური მასალა სწორედ “გურია ნიუსმა” გამოაქვეყნა _ ლანჩხუთელ ბიზნესმენს გრიგოლეთში 6 ჰექტარი მიწის ნაკვეთი სახელმწიფოსთვის “აჩუქებინეს”, ხოლო მოგვიანებით ბოლომდე ჩაწიხლვა მოუნდომეს და ნახევარმილიონიანი ჯარიმა გამოუწერეს. შედეგად, ბარამიძის “რჩევით”, თავის სახელზე გადაფორმებული მთელი ქონება დაუყადაღეს.
გასულ შაბათს, სკანდალური ფილმი გავიდა “მაესტროს” ეთერში _ სტუდია “მონიტორმა” კორნელი კუკულაძის “ნაციონალურ გაკულაკებას” ამავე სახელწოდების ფილმი მიუძღვნა. ფილმიდან რამდენიმე საინტერესო ნაწყვეტს შემოგთავაზებთ.
თავდაპირველად ბიზნესმები დაკავების დეტალებს იხსენებს: _ მოწმე ვიყავი მეგონა და ისეთი სიტუაცია წავიდა, უკვე ვატყობ, რომ უკვე უნდა დამიჭირონ. ისეთი რაღაცებია, ბატონობით მელაპარაკებიან, მაგრამ იგრძნობა ყველაფერი. მითხრეს, რომ თითქოს მე მიწა არ მქონდა გამოყოფილი, ნახაზები არ მქონდა და ასე, თითქოს ერთ ღამეს რომ დაღამდა, ღამე ავაშენე ეს 60 კოტეჯი, თავისი სასადილოთი, მეორე პატარა ბარით და თითქოს შემოვსულვარ პარტიზანულად. ეს მედებოდა მე ბრალად.
დაკითხვის შემდეგ კორნელი კუკულაძე დააპატიმრეს. პროკურატურა ბრალად უყენებდა 19 წლის წინ, 1987 წელს განვითარებულ მოვლენებს. კერძოდ: კორნელი კუკულაძემ უკანონო მოქმედებით მოახერხა ლანჩხუთის რაიონის სოფელ წყალწმინდაში, შავი ზღვის სანაპიროზე, ფიჭვნარში, 49 ერთეული კოტეჯის, საპირფარეშოს, სასადილოს შენობის, საწყობისა და საყარაულო ჯიხურის აგება დასასვენებელი კომპლექსისათვის საჭირო მიწის ნაკვეთის თაღლითური გზით დასაუფლებლად. არადა, კუკულაძეები დღემდე ინახავენ ყველა იმ დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება, რომ 1987 წლიდან ქონებას კანონიერად ფლობდნენ, რომელიც 2001 წელს, მიწის რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფოსგან გამოისყიდეს და საჯარო რეესტრში დაირეგისტრირეს, თუმცა, საოლქო პროკურატურამ ეს არ გაითვალისწინა და კუკულაძისგან კერძო საკუთრების _ ზღვის სანაპიროზე განთავსებული მიწისა და მასზე განთავსებული კოტეჯების სახელმწიფოსთვის ჩუქებას მოითხოვდა. ეს სწორედ ის კოტეჯები იყო, რომელშიც ზაფხულში პატრიოტები ისვენებდნენ.
კორნელი კუკულაძე: _ მე ვუთარი, რას აკეთებ? მეო, ესო დავალებული მაქვსო. ვუთხარი _ შენ ეგება სხვა რამეც უნდა დაგავალონ და რატომ უნდა გააკეთო,-მეთქი? კაი ოჯახის შვილი ხარ, გეტყობაო _ ბატონობით მელაპარაკებოდა, ძალიან ზრდილობიანად და ყველაფერი გენერალურ პროკურორს გადააბრალა, მისგან მაქვს დავალებული და მე რომ არ გავაკეთო, სხვა გააკეთებსო. სხვამ რაც უნდა გააკეთოს, მაგრამ შენ არ შეასრულო, არ აიღო ასეთი ხელფასი, ბავშვები მოგეწამლება, ამფერ სისულელეს ნუ გააკეთებ, 20 წლის ნაშრომს მართმევ,-მეთქი, ვუთხარი. სამი დღის მერე მეუბნებიან, 6 კოტეჯს დაგიტოვებთო. რა მექნა? კი ბატონო, ვუთხარი. თუ არადაო, მეუბნება, ახლა 2 თვეს დაგაჯენთო, მერე კიდევ გაგირძელებთო, საერთოდ წაგართმევთ ყველაფერს და იქნები ციხეშიო. კაი, ბიძია,-მეთქი, ვუთხარი და წამოვედი. თან მითხრა, რაც გინდა დაშალე და წაიღეო. პრინციპში, უნდოდა, დამეტოვებინა ეს ტერიტორია და მიწა მას დარჩენოდა.
_ მოგახსენებთ, რომ ლანჩხუთის რაიონის სოფელ წყალწმინდაში საკუთრებაში მქონდა უკანონოდ მისაკუთრებული 6,8 ჰა მიწის ნაკვეთი, რომლიდანაც, ვინაიდან გავაცნობიერე ჩემს მიერ ჩადენილი დანაშაული, 6 ჰა მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული 25 კოტეჯით, დავუბრუნე და ვაჩუქე უსასყიდლოდ, როგორც უკანონოდ მისაკუთრებული, სახელმწიფოს, რაზედაც განცხადებით მივმართე ლანჩხუთის პრივატიზების სამმართველოს, _ ეს განცხადება კორნელი კუკულაძემ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის, მიხეილ ჩოგოვაძის სახელზე დაპატიმრებიდან მესამე დღეს “დაწერა”. ქონების ჩუქებისთანავე კუკულაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ერთ თვეში ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მარინა კიკნაძემ კორნელი კუკულაძე თაღლითობის მუხლით დამნაშავედ ცნო და სამი წელი პირობითი სასჯელი მიუსაჯა.
კორნელი კუკულაძე: _ 1936 წელს ბაბუაჩემი გააკულაკეს კომუნისტებმა, ბაბუაჩემი ძლიერად მაცხოვრებელი იყო, 200 სული საქონელი ჩამოართვეს და ლესის ფერმა ჩამოყალიბდა ამ საქონელით. 70 წელი გავიდა და მე უკვე კაპიტალისტებმა ჩამომართვეს. მივედი გამგებელთან. გამგებელმა მითხრა, უნდა იჩივლო სასამართლოშიო. მე ვუთხარი, ადმინისტრატორი ხარ შენ, რად უნდა ჩივილი ამას. აგერ მაქვს საბუთი, რომ ესაა ჩემი ტერიტორია,-მეთქი.
გამგებლის ჩარევამ შედეგი არ გამოიღო. კორნელი კუკულაძემ საქართველოს პარლამენტსაც მიმართა და დახმარება ითხოვა. თუმცა, 2 წლის განმავლობაში მას ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტმა გზის გაყვანის საშუალება არ მისცა.
კორნელი კუკულაძე: _ 2 წელიწადი ვედავები, რომ გამაკეთებინეთ გზა,-მეთქი. ვურეკავ, მაშინ იყო ვარძელაშვილი. ჩამოვალ მაქანე და გავარკვევო. 2 წელიწადი გავიდა ამ რეკვებში. მერე ის გადაიყვანეს სხვაგან, მაგრამ მაინც კურირებდა აქაურობას. ვიფიქრე, გავყიდი, მოვშორდები აქაურობას, თორემ აგენი გულს გამიხეთავენ,-მეთქი.
უკრაინის მოქალაქესთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით, რომელმაც კუკულაძეების ქონება იყიდა, 2 თვის განმავლობაში თუ გამყიდველი გზას არ შეიყვანდა, გადახდილი თანხის ნაწილს უკან დაუბრუნებდა მყიდველს. მართლაც, კორნელი კუკულაძე იძულებული გახდა და გაყიდული მიწის საფასურიდან 100 000 დოლარი მყიდველს უკან დაუბრუნა. მას შემდეგ, რაც კუკულაძემ მიწის ნაკვეთი გაყიდა, ახალმა მეპატრონემ გზაც გაიყვანა და დასასვენებელი კომპლექსიც აამუშავა.
ქონების გაყიდვის შემდეგ, კუკულაძემ ლანჩხუთის საგადასახადო სამსახურს მიაკითხა იმის გასარკვევად, ეკუთვნოდა თუ არა რაიმე გადასახადი. როგორც თავად ამბ ობს, მას სამსახურის უფროსის მოადგილე ანტონ ბარამიძე შეხვდა და პროფესიული კონსულტაციაც გაუწია.
კორნელი კუკულაძე: _ მითხრა, თუ შენ ეს ტერიტორია 2 წელია გაქვს, არაფერი არ გეკუთვნის გადახდაო. თურმე, მაშინ უნდა გამომერთმია ქაღალდი, მაგრამ ვენდე და წამოვედი.
ვატო კუკულაძე, კორნელი კუკულაძის შვილი: _ საერთოდ არ უნდა წარედგინა დეკლარაცია, იმიტომ, რომ არ ეკუთვნოდა ფიზიკურ პირს. 2005 წელს, უკვე საბოლოო რეგისტრაცია რომ მოხდა მიწის, იყო ფიზიკური პირი და გაყიდა როგორც ფიზიკურმა პირმა. წლების განმავლობაში ეს ობიექტი არ ფუნქციონირებდა. არ უმუშავია კორნელი კუკულაძეს, როგორც ინდმეწარმეს. ამ ტერიტორიაზე იყო ბუნგალოები. კორნელის ინდმეწარმის საბუთით ხდებოდა ურთიერთობა საგადასახადოსთან და იყო ნაყინის, ლუდის, გამაგრილებელი სასმელის და ყავის ბიზნესი. შემოვიდა 4 500 ლარი, რომელიც ნაჩვენებია დეკლარაციაში. საგადასახადო სამსახურში მამაჩემი შეცდომაში შეიყვანეს და მისი ინდმეწარმის დეკლარაციაში იმ მიწის ნაკვეთის გაყიდვაც მოხვდა, რომელიც, როგორც ფიზიკურმა პირმა, ისე გაყიდა.
დეკლარაციის წარდგენის შემდეგ, საგადასახადო სამსახურში ინდმეწარმე კუკულაძის შემოწმების ბრძანება გამოიცა. სამ დღეში შემოწმება დასრულდა. საბოლოოდ, კორნელი კუკულაძეს 574 213 ლარის (!!!) გადახდა დაეკისრა. აქედან 177 425 ლარი საშემოსავლო გადასახადი იყო, ხოლო 264 878 ლარი დამატებითი ღირებულების გადასახადი. ჯარიმამ 133 069 ლარი შეადგინა. ბიზნესმენი ამბობს, რომ ვერ წარმოიდგენდა, თუ ვერ შეძლებდა იმის დამტკიცებას, რომ უგზოდ დარჩენილ კოტეჯებში დამსვენებელს ვერ მიიღებდა და კომერციულ საქმიანობას ვერ წარმართავდა: _ გამგებელსაც მივმართე და გუბერნატორსაც, წამოდით, აქვეა ის მიწა და კოტეჯები, ნახეთ _ მანქანა ვერ მივა, ადამიანი ვერ მივა და ასეთ ადგილს ვინმე იქირავებდა,-მეთქი? _ ამბობს კუკულაძე.
როგორც კუკულაძეები ამბობენ, ამის შემდეგ, ანტონ ბარამიძემ ჯარიმის შემცირების მიზნით ქონების შესყიდვა ურჩია. ამ მიზნით, კორნელი კუკულაძემ საკუთარ სახელზე გადაიფორმა თბილისში 15 წლის წინ შვილისთვის შეძენილი ბინა, შეიძინა მიწა შეკვეთილში და ფართი ფოთში. სტუდია “მონიტორის” ჟურნალისტთან საუბარში, ბარამიძე არ უარყოფს, რომ კუკულაძეს პროფესიულ კონსულტაციებს უწევდა: _ რაც გვკითხა, მიიღო შესაბამისი პასუხი, _ ამბობს ბარამიძე. მისი “რჩევა” რომ იყო და კუკულაძეები არ ცრუობენ, ეჭვის საფუძველს თავად მომხდარი ფაქტი მიგვითითებს: რადგან კუკულაძემ ბოლო ქონებაც გაყიდა და მის სახელზე არაფერი იყო, ჯარიმას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ საგადასახადოს მაღალჩინოსანმა ქონება “შეაძენინა” ბიზნესმენს, რომელიც “კეთილსინდისიერი კონსულტანტის”, ბარამიძის უწყებამ იმავე დღეს დააყადაღა.
გურიის საგადასახადოს მაღალჩინოსანი ამბობს იმასაც, რომ ჯარიმა მის უწყებას არ გამოუწერია და ფინანსურმა პოლიციამ დაწერა. კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი, სამართლის დოქტორი, ექსპერტი ზვიად როგავა ამ განმარტებას დაუჯერებელს უწოდებს და ამტკიცებს, რომ იმ პერიოდში მიწა საქონელი არ იყო და ვერანაირად ვერ დაიბეგრებოდა: _ 2009 წლამდე, სანამ საკანონმდებლო ცვლილება არ შევიდა კანონში, მიწა და ფული არ განიხილებოდა დღგ-ის მიზნებისთვის, _ ამბობს ექსპერტი.
მოკლედ, ლანჩხუთელი ბიზნესმენის “ნაციონალური გაკულაკების” საქმეში ბევრი საეჭვო მომენტი და უპასუხო კითხვაა. მაგრამ ეს არ უშლის ხელს ანტონ ბარამიძე უკვე მეორედ დაწინაურებას!
Developed By Web Features 2024 © All rights reserved