“გურია ნიუსის” ოზურგეთის განყოფილებაში, 26 იანვარს, მოქალაქე გვესტუმრა და თავისი გულისტკივილი გაგვიზიარა _ გელა გელაშვილი, მეუღლესთან ერთად, ქალაქ ოზურგეთში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე #2 კორპუსის მე-2 სართულზე ბინა #8-ში ცხოვრობს. მისი განცხადებით, თუ ხელისუფლება ყურადღებას არ მიაქცევს, აფხაზეთის მთავრობას პოლიტიკურ თავშესაფარს მოსთხოვს. მანამდე კი, როგორც თვითონ თქვა, პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართავს და ოზურგეთის თეატრის წინ შიმშილობას დაიწყებს.
_ ძალიან დიდი ხანია, ბევრი ყოფითი პრობლემა მაწუხებს. განვიცდი შიმშილს, სულის ტკივილს, მაგრამ არასოდეს ხელისუფლებისთვის არ მიმიმართავს, დამეხმარეთ,-მეთქი, რადგან მიმაჩნია, რომ შენს პრობლემას თავად უნდა მიხედო. თუმცა, ადამიანის გამძლეობასაც აქვს საზღვარი, _ ამბობს გელა გელაშვილი, _ გუშინ, 25 იანვარს, სახლში მისულს დენი გათიშული დამხვდა. იქვე, ჩემს გვერდით, ჩემს ქალიშვილს აქვს ბინა, მას ჰქონდა დავალიანება _ 56 ლარი. თუმცა იგი ოზურგეთში აღარ ცხოვრობს _ თბილისშია გათხოვილი. მე დავალიანება არ მაქვს, დენი კი გამითიშეს. მე და ჩემი მეუღლე ექვსი წელია, უმუშევარნი ვართ, ჩემი მეუღლე ასთმით არის დაავადებული და მუდმივად აეროზოლზეა. ამის გამო, რამდენჯერ მივმართე სოციალურ სამსახურს და არავითარი დახმარება ან პოლისი არ მიგვიღია. როგორ შეიძლება ჩემს მეუღლეს პოლისი არ ჰქონდეს?! სოციალური მომსახურების სააგენტოში დაუსვეს დიაგნოზი _ რა გეტყობა შენ ასთმიანისო?! სუბსიდიების ცენტრში გავაგზავნე განცხადება და ჯერ პასუხი არ მიგვიღია. უკანასკნელ ლუკმას ვიღებ პირიდან, ყველაფერს ვიკლებ, რომ შუქის თანხა დავზოგო, ტელევიზორი მაინც ჩავრთო და ამ ქვეყანას მთლიანად არ მოვწყდე. ცოცხლად დამარხული ვართ, ახლა კი ჩემი შვილის დავალიანების გამო, მე გამითიშეს შუქი. ეს არ არის კანონდარღვევა? ვესაუბრე ადვოკატ კახა ჩავლეშვილს, რომელმაც მითხრა, რომ თუ სასამართლოს მივმართავ, პროცესს მოვიგებ, მაგრამ მე სასამართლოს ვერ მივმართავ, რადგან ამ ეტაპზე არ მაქვს ამის საშუალება.
26 იანვარს მივმართე ადგილობრივ ხელისუფლებას. საკრებულოს თავმჯდომარემ ალეკო მამეშვილმა უარი მითხრა მიღებაზე იმ მოტივით, რომ თათბირზე შევდივარო. გამგებლის გია ტაკიძის მდივანმაც უარით გამომისტუმრა _ დღეს მიღება არ აქვსო. გუბერნატორთანაც ვცადე შესვლა, მაგრამ არც იქ გამოვიდა რამე. ესენი ხალხის რჩეულები არიან? ჩვენი ფულით იღებენ ამხელა ხელფასს და რას ჰქვია, ვერ მიმიღებენ? ყოველდღე მოქალაქეების მიღების დღე უნდა ჰქონდეთ.
ცოლ-ქმარ გელაშვილების ყოფა, როგორც თვითონ ამბობენ, ყოველდღიური შიმშილი და სიცივეა: _ დავალიანების გადახდის ვერ შევძლებთ, _ ამბობს გელა გელაშვილი, _ არც შეშა გვაქვს და არც შეშის ღუმელი. თუ ხელისუფლება კვლავ ასე უგულოდ მოგვექცევა და არ დაინტერესდება ჩვენი პრობლემებით, გავაკეთებთ ოფიციალურ განცხადებას სამივე პირველი პირის სახელზე, მივმართავ მედიას, გააშუქოს ჩემი პრობლემები და თუ მაინც არ მოგვაქციეს ყურადღება, მაშინ, უმძიმესია ჩემთვის ამის თქმა, მაგრამ დავჯდები თეატრის წინ და დავიწყებ შიმშილობას. გავყიდით ბინას, გადავალთ აფხაზეთში და აფხაზეთის მთავრობას ვთხოვთ პოლიტიკურ თავშესაფარს. ჩვენ იქ დავამთავრეთ ინსტიტუტი. ფეხი რატომ არ მოგვტყდა, იქაურობა რომ დავტოვეთ და აქ ჩამოვედით. ამათ ჭკვიანი და საღად მოაზროვნე ადამიანები არ უნდათ, სჭირდებათ მხოლოდ პენსიონერები და საჯარო მოხელეები, მერე რომ არჩევნებზე გარანტირებული ხმები მიიღონ.
“ენერგო-პრო ჯორჯიას” ოზურგეთის სერვისცენტრის მენეჯერი გია ნაკაიძე “გურია ნიუსთან” საუბარში გელაშვილების ოჯახის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას აბსურდულს უწოდებს:
_ ხომ იცით, რა როგორ ხდება? ჩვენ გვყავს პრესსამსახური და იმათ მიმართეთ, კომენტარს ვერ გავაკეთებ, _ გვითხრა ნაკაიძემ, _ რა ვქნა, ცემა-ტყეპას ხომ არ დავუწყებთ? დაწყნარდა ის კაცი, მოვალ და ფულს გადავიხდიო, მითხრა, თქვენ დაწყნარებული არ გინახიათ, ალბათ. რა აქვს საპრეტენზიო?
_ ამბობს, რომ საშუალება არ აქვთ და დავალიანებას ვერ გადაიხდიან, თუმცა ეს მათი კი არა, ქალიშვილის დავალიანებაა, რომელიც რამდენიმე წელია, თბილისში ცხოვრობს.
_ რა, 20 ლარის გადახდის საშუალება არ აქვთ?
_ საუბარია 56 ლარზე, სულ დეპოზიტის ჩათვლით 112 ლარია.
_ რაც თქვენ გითხრეს, არის მცდარი ინფორმაცია. შეგიძლიათ, მოიყვანოთ, ერთმანეთს დაგვაპირისპიროთ და სიმართლე გაიგოთ. მხოლოდ მათ ნათქვამს რატომ წერთ?
_ იმიტომაც მოვედი თქვენთან კომენტარისთვის.
_ კი, ბატონო, გეუბნებით, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!
_ რა არ შეესაბამება სიმართლეს? ის, რომ თქვენ შუქი გაუთიშეთ იმ ოჯახს, რომელსაც დავალიანება არ გააჩნია? დავალიანება აქვს გელაშვილების ქალიშვილს, რომელიც ცალკე ცხოვრობს. რამდენად კანონიერია ეს ქმედება?
_ მე ვთხოვ პირადობის მოწმობის ასლს, ფულს ხომ არ ვთხოვ? ფული ხომ არ არის მაგაში გადასახდელი? მოიტანოს მისი შვილის პირადობის მოწმობა, ასლს აქვე გადავუღებ. ისინი ისე ლაპარაკობენ, როგორც აწყობთ.
_ და ამიტომ გაუთიშეთ შუქი?
_ რა ვქნა, აბა, მითხარით? ვთხოვ და ვერ მოვატანინე, სხვანაირად როგორ მოვიქცე, სად ვდიო მის შვილს, ბათუმშია, თბილისში თუ ქუთაისში?
_ ამბობენ, რომ სასამართლოს მიმართავენ…
_ არ არის პრობლემა, თუ უნდათ, პროკურატურასაც მიმართონ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved