ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ალეკო მამეშვილმა 3 თებერვალს, საღამოს 6 საათზე საგანგებო სხდომა გამართა. სხდომას მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ავთანდილ მექვაბიშვილი, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები მიხეილ გოგოტიშვილი და ლაშა ღლონტი, ზედამხედველობის სამსახურის უფროსი შუქრი გაბრიჩიძე, “ენერგო პრო-ჯორჯიას” ოზურგეთის სერვისცენტრის მენეჯერი გია ნაკაიძე და “გზამშენი -18” წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სხდომაზე დიდთოვლობის გამო გამოწვეულ მთელ რიგ პრობლემებზე ისაუბრეს და საკრებულოს თავმჯდომარემ გაწეული სამუშაოების ანგარიში მოისმინა.
_ რა გავაკეთეთ დღეს მთელი დღის განმავლობაში? რამდენად ხართ მობილიზებულნი ხვალინდელი დღისთვის? რატომ არ გვაქვს მუნიციპალიტეტში შუქი? _ ამ შეკითხვით მიმართა ალეკო მამეშვილმა თითოეულ მათგანს.
როგორც “გზამშენი-18”-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, ისინი მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ: _ გაიწმინდა გზა ნატანები-წვერმაღალას მიმართულებით, ნატანების ცენტრამდე, სადგურამდე მივედით. გავწმინდეთ ნაგომრამდე მისასვლელი გზა, ასევე გზა ჭანიეთის მიმართულებით, აღმაშენებლის ქუჩის ჩათვლით. არანაირი შეფერხება არ გვქონდა. ახლა მუშაობენ ძიმითის მიმართულებით. მეტრზე მეტია თოვლის საფარი მამათში. ახლა ვასრულებთ სამუშაოებს ნაბეღლავისა და ბურნათისკენ.
“ენერგო პრო-ჯორჯიას” ოზურგეთის სერვისცენტრის მენეჯერის გია ნაკაიძის თქმით, დაზიანებული და გაწყვეტილია ხაზები მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელში: _ დასახმარებლად ჩამოსულია ბრიგადა აჭარიდან და სამეგრელოდან. ვერ დაგპირდებით, რომ ხვალ ყველა სოფელს ექნება შუქი. ასევე დაზიანებულია სადენები ქალაქის რიგ უბნებში.
ალეკო მამეშვილის თქმით, საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ მთელი რიგი სამსახურები: _ მაქვს ინფორმაცია, რომ სავალი გზიდან გადავარდა ავტომანქანები, ხეები წაიქცა რამდენიმე სოფელში და გზა ჩაიხერგა. მობილიზებული ვიყავით, მაგრამ სტიქიამაც შემოგვიტია. ყველაზე დიდ პრობლემად შუქის მიწოდება რჩება. ჩვენ არ გვაქვს მოდუნების საშუალება, მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი სიტუაციისთვის. გვქონდა ტექნიკური შეფერხებაც, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, _ თქვა მამეშვილმა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved