სოფელი, სადაც 295 კომლი ცხოვრობს, მცირემიწიანია, ამასთან ერთად თხინვალი მეწყერსაშიშ ზონას განეკუთვნება. გეოლოგების დასკვნის თანახმად, აქ მცხოვრებ 14 ოჯახს საცხოვრებელი სახლიდან სასწრაფოდ გამოსახლება ესაჭიროება. ასევე, გეოლოგების დასკვნის თანახმად, ამ სოფელში ცხოვრობენ ოჯახები, რომელთა საცხოვრებლებიც მეორე და მესამე კატეგორიას განეკუთვნებიან და მათი უსაფრთხოება მაღალი რისკის ქვეშ დგას, განსაკუთრებით მაშინ, როცა თოვლის საფარმა ამ სოფელში 70 სანტიმეტრს მიაღწია.
3 თებერვალს, დღის პირველ ნახევარში, სოფელში ცენტრალური და შიდა გზები გაუწმენდავი იყო, იმ დროისთვის სოფელს არც ელექტროენერგია მიეწოდებოდა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებაც შეუძლებელი იყო. როგორც აქ გვითხრეს, ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემებთან ერთად, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები აქვთ _ დაუსაქმებელია მოსახლეობა, ახალგაზრდებისთვის თავშეყრის ადგილები არ არსებობს, პენსიონერებს კი, ისევე როგორც ყველგან, კუთვნილი პენსია გაძვირებული წამლების შესაძენადაც არ ჰყოფნით.
_ გზა არ გვივარგა, წყალი სასმელად უვარგისია, თოვლის დროს კი არა, როცა ნიავი დაუბერავს, შუქი მაშინვე ითიშება. სამსახური ჩვენ არ გვაქვს, საწარმო ჩვენს სოფელში არ ფუნქციონირებს, ახალგაზრდებისთვის არაფერია, სკოლის შენობას შეკეთება სჭირდება, _ ამბობდნენ სოფლის ცენტრში შეკრებილები.
_ წვიმის დროს შვილიშვილს სახლში არ ვაჩერებთ, არ ვიცით, როდის დაგვენგრევა სახლი თავზე, _ ამბობს “გურია ნიუსთან” საუბარში ამავე სოფელში მცხოვრები გივი ბაღიშვილი. რომლის ოჯახსაც, დანარჩენ 13 ოჯახთან ერთად, სასწრაფოდ საცხოვრებელი სახლის დატოვება ესაჭიროება.
_ ოჯახში 8 სული ვცხოვრობთ. დედა დავარდნილი მყავს, მამა ხელჯოხით დადის. მეწყერის გამო სახლი დანგრევის პირასაა. რამდენჯერ დავწერე განცხადება, მივმართე ადგილობრივ ხელისუფლებას. იყვნენ კიდეც მოსულები, მაგრამ _ არაფერი. შემოსავალი დედ-მამის პენსია გვაქვს, რომელსაც 2 კვირაში, მხოლოდ მათ წამლებში ვხარჯავთ. გეოლოგების დასკვნის თანახმად, აკრძალული გვაქვს ამ სახლში ცხოვრება, მაგრამ სად უნდა წავიდეთ? გუბერნატორი და გამგებელი დაგვპირდნენ, რომ ამ წელში მოგვეხმარებიან და ველოდებით. გამგეობაში მითხრეს, სახლი უნდა დაიშალოსო. მაინცდამაინც მარცხი უნდა მოხდეს, დახმარება რომ მივიღო? _ კითხულობს გივი ბაღიშვილი.
როგორც “გურია ნიუსთან” საუბარში პენსიონერი ნოდარ ბაბილოძე ამბობს, სოფლის პრობლემა შიდა გზები და სასმელად უვარგისი წყალია: _ არტეზიულ ჭებზე ვართ დამოკიდებულნი და ეს პრობლემა ზაფხულის დადგომისთანავე უფრო მწვავდება. ჩვენს სოფელში 1993 წლამდე სამკურნალო აბანოები ფუნქციონირებდა. სახსრებისთვის იყო არაჩვეულებრივი _ დავრდომილი კაცი მოვიდოდა და ჯანმრთელი წავიდოდა. ვფიქრობ, მისი აღდგენა სოფლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, _ გვითხრა ნოდარ ბაბილოძემ.
მისი თქმით, სამომხმარებლო კალათა ძალიან გაძვირდა და მისი ხუთსულიანი ოჯახის შემოსავალი, მხოლოდ მისი, და მისი მეუღლის პენსიაა.
საუბრები სოფლის ცენტრში
_ ყველაფერი მოიშალა, ადრე უპრობლემოდ ვაბარებდით ციტრუსს. ჩაი ამოვძირკვეთ და თხილი დავრგეთ;
_ კარგად ვინ ცხოვრობს დღეს? ახალგაზრდები ცდილობენ, რომ სხვაგან იმუშაონ და თავი ასე ირჩინონ. წასულია ბევრი. დაკეტილია სახლები;
_ 2010 წელს ციტრუსის მოსავლის დიდი ნაწილი გაფუჭდა, ჩამოცვივდა. არ მომიკრეფია. ორ ტონანახევარი მქონდა, სამჯერ შემცირებული მოსავალი მივიღე 2009 წელთან შედარებით;
_ პენსიები უნდა გაიზარდოს, რომ გაძვირებულ პროდუქციას შევწვდეთ. ესაა ერთ-ერთი გამოსავალი. ძალიან გაძვირებულია საწვავი, ვერ ვამუშავებთ ყანებს, სასუქის ყიდვის საშუალება აღარ გვაქვს. ათასი მეტრი საყანე ფართობის დამუშავება 30 ლარი ღირს, ამას სასუქის ღირებულება ემატება, ფიზიკურ სამუშაოზე რომ არაფერი ვთქვათ. ამის გამო ბევრი საყანე ფართობი დაუმუშავებელი რჩება. უჭირს ხალხს, _ ამბობდნენ სოფლის ცენტრში შეკრებილები.
როგორც სოფლის რწმუნებულმა აბესალომ ბოლქვაძემ გვითხრა, ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ სოფელი მეწყერსაშიშ ზონაში მდებარეობს და ნიადაგი მცოცავია: _ გარდა ამისა, სოფელი მცირემიწიანია, არც სარეზერვო მიწები გაგვაჩნია. საყანე მიწები 15 კილომეტრით არის დასახლებიდან მოშორებული. არც ტყე გვაქვს. 43 ოჯახი მეწყერმა დააზიანა, აქედან, განსაკუთრებით მძიმე და საგანგაშო 14 მათგანის მდგომარეობაა. მათ ამ სახლებში ცხოვრება აკრძალული აქვთ, _ გვითხრა რწმუნებულმა.
მან სოფლის ინფრასტრუქტურაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრობლემა მოუწესრიგებელი შიდა გზებია: _ გასულ წელს გაკეთდა მილხიდები, მოსაცდელები, გარე განათება. გზაც მოიხრეშა, მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, მცოცავი მიწებია და ზიანდება. წელს სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში 20 000 ლარს ველოდებით, რომელიც მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად გაიხარჯება.
_ წყლის პრობლემა ჩვენს სოფელში ყოველთვის იდგა და დღესაც აქტუალურია. მოსახლეობა არტეზიული ჭებით სარგებლობს, თუმცა, წყალი მლაშეა და სასმელად უვარგისი. სასმელ წყალს მოსახლეობა წყაროებიდან ეზიდება, ზოგს ნახევარი კილომეტრის გავლაც კი უხდება. სოფელში სოციალურად დაუცველი ბევრი ოჯახი ცხოვრობს, მაგრამ ამ ეტაპზე ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მეწყრის შედეგად დაზიანებული 14 ოჯახი იმყოფება _ მათ საცხოვრებელი სახლებიდან სასწრაფოდ გამოსახლება ესაჭიროებათ. ჩვენმა ფრაქციამ, “ქრისტიან-დემოკრატებმა” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ამ პრობლემის თაობაზე წერილობით უკვე მიმართა, _ გვითხრა სოფელ თხინვალის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ხომერიკმა.