პოლიტიკაში ადრეც იყო, თუმცა, დიდი ხნით არა _ არჩევანი არასამთავრობო ორგანიზაციაზე შეაჩერა და რამდენიმე წელი გურიის აგრობიზნესცენტრს ხელმძღვანელობდა. მამეშვილი არ აკონკრეტებს, რამ გადააწყვეტინა პოლიტიკაში დაბრუნება, მაგრამ ამბობს, რომ ეს მაღალი ხელფასის გამო არ გაუკეთებია. ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დღეს ჩვენი გაზეთის სტუმარია.
_ ბატონო ალეკო, გასული 8 თვის მუშაობას როგორ შეაჯამებდით და რა სარგებლობა მოუტანეთ თქვენს მუნიციპალიტეტს?
_ ჩემი საქმიანობის შედეგია: ყველა გადაწყვეტილებების მიღების დროს კანონის დაცვით მოქმედება; საქმიანობის გამჭვირვალობა; წარმომადგენლობითი ორგანოს ინსტიტუციონალური განვითარება; საზოგადოების ჩართულობის ზრდა; საზოგადოებრივი პრობლემების მაქსიმალური გათვალისწინება. ეს შედეგი იყო და იქნება შემდგომ პერიოდშიც.
_ თქვენი, ანუ ნაციონალური მოძრაობის დევიზი იყო: “გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია”. ამ ბევრიდან ცოტა, კონკრეტული რამ თუ გაქვთ გაკეთებული, გარდა იმისა, რაც ზევით ჩამოთვალეთ?
_ რაც გითხარით, ის არის ძირითადი მამართულებები, რასაც შედეგები თან ახლავს: საჯარო განხილვები; აიპ-ების საქმიანობის სრულყოფა და კონტროლი; მოსახლეობასთან შეხვედრები; მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით ბიუჯეტის შემუშავება; სიახლეების დანერგვა საბიუჯეტო სახსრების გამოყენებასთან დაკავშირებით. კონკრეტული შედეგები უკავშირდება ინფრასტრუქტურის განვითარებას; სოფლად პროექტების განხორციელებას.
_ თქვენი ოკეანის გაღმა ვიზიტის დროს, საკრებულოს თანამშრომლები, სამუშაო საათებში, რესტორანში მოქეიფენი დავაფიქსირეთ. საინტერესოა, ამ ამბის გაგების შემდეგ, რა მოიმოქმედეთ და რატომ არ ჩათვალეთ საჭიროდ, საზოგადოებისთვის ახსნა-განმარტება გაგეკეთებინათ?
_ ყველა საჯარო მოხელისათვის, ვრცელდება კანონი სამსახურეობრივი გადაცდომისთვის, რომელიც გამოყენებული იქნება სამართლიანად. ვმუშაობ თანამშრომლებთან, რომლებსაც გაცნობიერებული აქვთ საყვედურის მიზეზი და მინდა ვთქვა, რომ აპარატი სრულად მობილიზებულია აქტიური საქმიანობისთვის.
_ კითხვაზე არ მიპასუხეთ.
_ რაც შეეხება მაგ ფაქტს, ქეიფი და დროსტარება არ ყოფილა(?!), შესვენების დროს გადაცდა რესტორანში ყოფნა.
_ პირადად მე და ჩემმა ორმა თანამშრომელმა საკუთარი თვალებით დავინახეთ, როგორ ქეიფობდნენ საკრებულოს თანამშრომლები სამუშაო საათებში და უფრო მეტიც _ რამდენიმე მათგანი სიმთვრალისგან ფეხზე ძლივს იდგა.
_ საზოგადოება ინფორმირებულია იმ ბრძანებების შესახებ, რაც ჩემს მიერ იქნა მიღებული _ ეს ინფორმაცია ვებგვერდზე დევს. ხალხმა ნდობა გამოუცხადა საკრებულოს წევრებს, აპარატი მათი გამართული მუშაობისთვის არის შექმნილი.
_ ვებგვერდი ახსენეთ… ბოლო დროს ხელისუფლება ამბობს, რომ საჯარო ინფორმაცია ვებგვერდზე ქვეყნდება და იმასაც აღნიშნავს, რომ ამით ფინანსებს ზოგავს. ეს ეკონომია კი გვესმის, მაგრამ ისიც ვიცით, რომ გურიაში და მათ შორის, ოზურგეთში, ბევრს არ აქვს იმის ფუფუნება, კომპიუტერი და ინტერნეტი ჰქონდეს. შესაბამისად, თქვენი მუშაობის შესახებ საზოგადოება ამ გზით ვერ იქნება ინფორმირებული.
_ მგონი, უნდა იცოდეთ იმ ღონისძიებების შესახებ, რაც დაწყებული და დაგეგმილია: საჯარო განხილვები; საზოგადოებრივი დარბაზის შექმნა; გასვლითი შეხვედრების ჩატარება (ბიურო, საკრებულოს სხდომა); მოსახლეობასთან შეხვედრები. ახლა მზადდება საკრებულოს 2011 წლის საქმიანობის გეგმა, სადაც ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება საზოგადოების ინფორმირებულებაა.
_ საკრებულოს ბოლო სხდომებზე რიგითი მოქალაქეები გესწრებოდათ? გასვლითი სხდომები და მოსახლეობასთან შეხვედრები არის იმის გარანტია, რომ საზოგადოება საკრებულოს გადაწყვეტილებების შესახებ სრულად იქნება ინფორმირებული?
_ სხდომებზე დასწრება და მოსახლეობის მოწვევა ერთი აქტივობაა. ამასთან ერთად, უნდა ჩატარდეს გასვლითი შეხვედრები; მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ორგანიზაციების და მასმედიის ჩართულობა; მოქმედებს საჯარო ინფორმაციის გაცემის წესი, რაც წარმატებით სრულდება; საკრებულოს სხდომებს ესწრებიან მოქალაქეები, რომელთა თანდასწრებით გადის საკითხები დასამტკიცებლად. მინდა მეტად აქტიური გახდეს თანამშრომლობა საკრებულოსა და მოქალაქეებს შორის. დამერწმუნებით, რომ ყველა სხდომაზე, როცა საჯარო წარმოება იწყება, არის მოწოდება განხილვის პროცესებში ჩართვისკენ. დამიჯერეთ, საჯარო განხილვის პროცესი, ბიუროს სხდომა, მართლაც რეალური შეხვედრებია საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებისთვის.
_ რა უნდა ალეკო მამეშვილს პოლიტიკაში გარდა იმისა, რომ საკმაოდ მაღალი ხელფასი აქვს?
_ არ იცნობთ ალეკო მამეშვილს, თან ძალიან! მე არც ხელფასისთვის მოვსულვარ და როცა წავალ, არც ის დამენანება. მინდა ვიყო იმ სასიკეთო პროცესების მონაწილე, რაც მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს, გამოვიყენებ ჩემს ცოდნა-გამოცდილებას მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის.
_ როგორც ვიცით, NGO-ში მუშაობისას კარგ პროექტებს წერდით. ახლა თუ მუშაობთ პროექტზე, რომელიც ოზურგეთელების სოციალურ ყოფის გაუმჯობესებისკენ იქნება მიმართული?
_ საკრებულო მუშაობს პროექტებზე: საგრანტო ფონდის გამოყენების წესი; სოციალური დახმარების გაცემის წესი; მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების გეგმის ცვლილებები. პრიორიტეტები გრძელდება ლიტვის, უკრაინის, პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
_ წინა მოწვევის საკრებულოში, თითქმის ყოველ წელს კეთდებოდა ოზურგეთის განვითარების გეგმა. მერე ეს გეგმა იბეჭდებოდა ძალიან მაღალი ხარისხით… თქვენც ხომ არ აპირებთ განვითარების გეგმის პროექტის შემუშავებას და გამოცემას?
_ გეგმა შემუშავდა 2007 წელს და მეც მომიხდა სამუშაო ჯგუფში ყოფნა. წელს იგეგმება ცვლილებების შეტანა და ინფორმაციებით განახლება.
_ ხელახალი ბროშურა გამოიცემა?
_ ეს უფრო წიგნია. მთავარია, დასრულდეს პროცესი. რა ფორმით გამოიცემა, ამაზე ვიმსჯელებთ.
_ ეს კითხვა იმიტომ დაგისვით, რომ ამ გეგმის შემუშავებასა და გამოცემაზე საკმაოდ დიდი თანხა უშედეგოდ არის დახარჯული. ახლა, თქვენი ხელმძღვანელობით გამოცემული რითი იქნება განსაკუთრებული?
_ მას შემდეგ ბევრი რამ არის გაკეთებული. ახლა უნდა მოხდეს სიახლეების დამატება, საჭიროებების დაზუსტება. ვერ გეტყვით, რამდენი დაიხარჯა გამოცემაზე, მაგრამ მთავარი ამ დოკუმენტში უნდა იყოს მუნიციპალიტეტის მიმართულება ეკონომიკური განვითარებისკენ.
_ ბატონო ალეკო, საარჩევნოდ ძირითადი აქცენტი ხალხის დასაქმებაზე გაკეთდა. ფაქტების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სამუშაო ადგილები იმათ ერგოთ, ვინც არჩევნებში მმართველი პარტიის გამარჯვებისთვის თავი არ დაზოგა. თუმცა, ეს საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილია. როგორ აპირებთ ხალხის დასაქმებას?
_ ინფრასტრუქტურა სოციალური პრობლემები, დასაქმება _ ესაა საზოგადოების ძირითადი მოთხოვნა. ადგილობრივ პირობებში იგეგმება რამდენიმე პროექტის გახორციელება დასაქმების კუთხით.
_ იქნებ, დაგვიკონკრეტოთ?
_ ახლა მუშავდება.
_ გამოდის, რომ ჯერ კიდევ დაუმუშავებლად, იდეის დონეზე პირდებოდით ამომრჩეველს დასაქმებას.
_ ეს შეკითხვა ჩემს პასუხზეა? დაიწყება პროექტები და ცხადი გახდება. რაც შეეხება დაკონკრეტებას, დეტალური გეგმა თქვენი საშუალებით გაეცნობა საზოგადოებას.
_ ბატონო ალეკო, რატომ შექმნა უზარმაზარი პრობლემები რამდენიმე დღის წინ მოსულმა თოვლმა? წელს თოვლს არ ელოდებოდით?
_ მაქსიმალურად იქნა მობილიზებული და გამოყენებული ყველა რესურსი, ელექტროენერგიის მიწოდებაც რამდენიმე დღეში სრულად აღდგება.
_ ის, რაც 3 თებერვალს ოზურგეთში გააკეთეთ, ხელისუფლების შესაძლებლობის მაქსიმუმი იყო?
_ მაქსიმალურად იქნა მობილიზებული და გამოყენებული ყველა რესურსი. მე ვაფასებ ყველა ადამიანის შრომას, რომელიც სტიქიის წინააღმდეგ ღონისძიებებს ატარებდა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved