(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ მუნიციპალური ტრანსპორტის შეუფერხებელი მოძრაობა და მგზავრთა კომფორტული გადაადგილება ეს ის ძირითადი საკითხები იყო, რომლის შესახებაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იმსჯელეს. საკრებულოს თავმჯდომარემ ალეკო მამეშვილმა მუნიციპალურ ტრანსპორტში არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით, შპს “მუნიციპალური ტრანსპორტის” ხელმძღვანელი და იქ დასაქმებული პირები მოიწვია. შეხვედრაში საკრებულოს ბიუროს წევრები და გამგებლის მოადგილე, მიხეილ გოგოტიშვილი მონაწილეობდნენ. “მუნიციპალიტეტი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ტრანსპორტმა შეუფერხებლად იმოძრაოს, რათა მოსახლეობას არ შეექმნას გადაადგილების პრობლემა. შეძენილი იქნა ავტობუსებისთვის ახალი საბურავები, გადავიხადეთ საწვავის დავალიანება და სხვა მიმდინარე ხარჯები, რაზეც 12 500 ლარი დაიხარჯა. ყოველივე ამის გათვალისწინებით. მოვითხოვთ, რომ დადგენილი მარშრუტებზე რეისები შესრულდეს შეუფერხებლად”, _ უთხრა მათ მამეშვილმა.
მუნიციპალური ტრანსპორტის ხელმძღვანელმა მთავარ პრობლემად მძღოლების მიერ ყოველდღიური გეგმის შეუსრულებლობა და ამის გამო დავალიანებების დაგროვება დაასახელა.
საკრებულოს თავმჯდომარის მითითებით, შპს “მუნიციპალური ტრანსპორტმა”, 15-დღიან ვადაში, შეხვედრისას მიცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით, უნდა შეძლოს არსებული ხარვეზების მოგვარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, მუნიციპალიტეტი სხვა ზომებს მიმართავს და არ დაუშვებს, რომ მოსახლეობას პრობლემები შეექმნას.
აღნიშნულ პრობლემაზე “გურია ნიუსი” მიმდინარე წელს წერდა.