ამბობს “გურია ნიუსთან” საუბარში აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებული ერთ-ერთი სალონის მეპატრონე.
როგორც “გურია ნიუსი” წერდა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ახალი სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე ბაზრის მოვაჭრეები, მეორე და მესამე “ნავესს” შორის ახალი მშენებლობის წამოწყებას აპროტესტებენ. მათ “გურია ნიუსს” არაერთხელ მიმართეს დახმარებისთვის. როგორც ისინი ამბობენ, გამგეობაში უთხრეს, რომ ეს ტერიტორია ორი წლის გაიყიდა. “ჩვენ უძლურები ვართო. იმ პერიოდში ჩვენ არ ვიყავით მთავრობაში და არ ვიცითო, _ ასე გვითხრეს. ერთმანეთს აბრალებენ ტერიტორიის გაყიდვას”, _ ამბობენ მოვაჭრეები.
ერთ-ერთი მოვაჭრის ჭ.ნ.-ს თქმით, შესასვლელის 99%-ი კერძო საკუთრებაა და არ ეკუთვნის მუნიციპალიტეტს: _ მე რომ ქუჩაში გავიდე და მოვინდომო ტრასაზე შენობის დადგმა, მომცემს უფლებას გამგებელი ან საკრებულოს თავმჯდომარე? _ არ მომცემს, იმიტომ, რომ ის გზა ეკუთვნის მოქალაქეებს.
_ ჩვენც გჭირდება გზა უსაფრთხოებისთვის, მუშაობისთვის. ჩვენ ხომ არ ვიმალებით _ ვართ ინდმეწარმეები და ვეწევით ეკონომიკურ საქმიანობას. ჩემთან მოსასვლელი გზა გამიყიდო, იმის გამო, რომ ვიღაცის ინტერესი დევს ამაში, ეს ხომ უსამართლობაა? ერთი და ორი ადამიანის ინტერესებს უნდა შეეწიროს ამდენი ხალხი და უმუშევარი დარჩეს? თუ ვინმეს უნდა აშენება, არის სხვაგან უზარმაზარი ტერიტორია. დაგვაყარეს ტალახი და ორი წელია, ანტისანიტარიაა. აუცილებლად მივმართავთ სასამართლოს. როცა ხდება მიწის გაყიდვა, ის უნდა გავიდეს აუქციონზე და გამოცხადდეს ტენდერი. არ უნდა იყოს ხალხი ინფორმირებული გაზეთის საშუალებით, რომ იყიდება ეს ტერიტორია? იქნებ, მე ვყიდულობ? მანახონ ოქმი, როდის ჩაატარეს კრება, სად ჩატარდა, სად გამოაცხადეს, რომ იყიდებოდა. ან ვინ მისცა იმის უფლება, რომ იქ რაიმე აშენდეს? ისედაც კატასტროფული მდგომარეობაა და ეს მოაწესრიგონ, ჯობს. კერძოა და თქვენ მოაწესრიგეთო, გვითხრეს. თუ ჩემია და კერძოა, დაგვანებონ თავი! გასაყიდად მაგათია და დასალაგებლად _ ჩვენი?!
_ ჩუმად არის გაყიდულიო, გვითხრეს. თუ არის საერთოდ გაყიდული, ისიც საკითხავია. არავითარ შემთხვევაში არ დავტოვებთ ამ საქმეს ასე! რაღაც ორ კაპიკს აკეთებს ხალხი, აქ შენობის დადგმა შეიძლება?
_ ვიცით, რომ აშენებენ. ყველაფერი “ზემოთ” გადაწყდა და წინასწარ იყო დაგეგმილი. ასე ჩუმად გაყიდეს. ხანძარი რომ გაგვიჩნდა, სახანძრო მანქანა ამ გზის გარდა, ვერ შემოვიდა. ახლა ამასაც კეტავენ, იქეთაც აშენებენ რაღაცას, მეორე მხარეს.
_ გუბერნატორის ნახვა ორი დღის განმავლობაში ვერ მოხერხდა. მერე მის მოადგილესთან გვქონდა შეხვედრა. მან გამგებელთან გაგვიშვა. მიგვიღო გია ტაკიძემ და გვითხრა, ეს ტერიტორია უკვე ორი წლის წინ გაიყიდაო. ერთმანეთს აბრალებენ _ ერთი მეორესთან გვიშვებს, მეორე _ მესამესთან და ასე უნდა ვირბინოთ. მე მგონი, მაგათმა დაწვეს მაგი შენობები. აბა, ვინ გაუჩინა ცეცხლი, ერთხელ, ორჯერ?! თუ კი ასე ადვილად იწვება, ესე იგი, მთლად მოუწესრიგებელია ყველაფერი.
_ ვინ აშენებს, ჯერ ჩვენთვის უცნობია. არც მე და სხვას არ მისცემენ უფლებას, რომ იქ რაიმე ავაშენოთ. სამჯერ დაიწვა ეს ბაზარი, კაცმა არ იცის, კიდევ რას მოიფიქრებენ. ვინ ფიქრობს ხალხზე? თვითონ იყვნენ კარგად და სხვა რაში აინტერესებთ? ამას რომ აითვისებენ, მერე სხვაზე გადავლენ. უბრალო ხალხზე არავინ ფიქრობს _ შიმშილით ამოგხდეთ სული, ოღონდ ჩვენ ვიყოთ კარგადო.
_ ვისი ინტერესია, არ ვიცით. არაფერი არ ეშველება ამ საქმეს _ რომ გადაწყვეტენ, მერე რამდენიც გინდა იყვირე, წერე და იკითხე, იჩივლე, სადაც გინდა! მგელთან მგელს უჩივლებ?! _ ამბობენ მოვაჭრეები.
“გურია ნიუსმა” ამ ეტაპზე მხოლოდ ახალი სავაჭრო ცენტრის” დირექტორის ზაზა გოგუაძის კომენტარის მოპოვება შეძლო _ გოგუაძე კატეგორიულად უარყოფს ბაზრის ტერიტორიაზე მშენებლობის დაწყებას: _ დღეის მდგომარეობით, არაფერი შენდება. არ შეიძლება, აღნიშნული ტერიტორია გაყიდული იყოს _ გამორიცხულია, _ ამბობს იგი.
“გურია ნიუსი” ამ თემას ისევ დაუბრუნდება.