გზას ჩვეული ფიქრით მივყვები.
_ გადირევა კაცი, აბა არ გადირევა? _ მომწვდა გაკვირვებული ხმა.
უკან მოვიხედე _ ორი საკმაოდ ხანდაზმული მამაკაცი საუბრით მოყვებოდნენ გზას.
_ რა გადარევაზე ლაპარაკობ? _ ჩაეკითხა მეორე.
_ ასე რაფერ დეემსგავსა ყველა მინისტრი გურულებს!?
_ ვეფერს ვერ მივხთი. კარქათ მითხარი, რას ჩივი.
_ რას და… ხომ უსმინე ტელევიზორში, რეებს ამბობენ? ეკონომიკა კარგათააო, ელექტრონს ვყიდითო, წამლების ფასებმა დაიკლოო…
_ ჩვენი მინისტრებისგან გეიგონე მაი? _ გაიკვირვა მეორემ.
ორთავეს დაკვირვებით შევხედე _ საღი, გლეხური, იუმორშეპარული აზროვნება!
მიწის შვილები! _ გავიფიქრე, _ ესენი ხომ მიწაზე მყარად დგანან (თუ იდგნენ?!), დგანან მტკიცედ, თანაც ისე, რომ მიწას არ ამძიმებენ, ზოგნი კი… საშინელებაა, როცა ადამიანი მიწას ამძიმებს, არადა, დღეს რამდენი ამძიმებს მიწას!
პარლამენტში გამართული დებატები გამახსენდა.
ტრაბახა მინისტრებიო! _ მიწის შვილმა.
როგორ განმარტავს სულხან-საბა სიტყვას _ ტრაბახი?! _ “ნამეტნავი სიტყვა ამპარტავნული!”
თავად ამპარტავანი?! _ “ესე არს თვისის ნაქმარის მამწონებელი და უმსგავსო დიდების მოყვარე, გულმაღალი და სწავლის მოთაკილე” (სულხან-საბა).
გვახსენდება ეს განმარტება, როცა ტელეეკრანიდან ვუსმენთ დეპუტატებს: ცისკარიშვილს, გაბაშვილს, წიკლაურს.
რას ვხედავთ? გამკაცრებული სახე და ტონი, დამცინავი მზერა, ბოღმიანი ხმა… მტკიცება იმისა, რომ მსოფლიო ჩვენი წარმატებებით გაკვირვებულია (?!).
არადა, გაკვირვებული ჩვენ ვართ, ჩვეულებრივი ადამიანები! რა გვიკვირს? _ უმრავლესობის მოსაწონს არასდროს არაფერს ამბობს უმცირესობა? როგორ შეიძლება, უმრავლესობაში ყველა ასე ერთნაირად აზროვნებდეს? ხალხს რატომ არ ეუბნებიან სიმართლეს?
მინისტრები? _ საღად მოაზროვნე ადამიანს შეიძლება მოწონებოდა ფინანსთა მინისტრის კახა ბაინდურაშვილის გამოსვლა, ან სიცილის რა ჟინმა შეიპყრო ქობალია?
რითი გვაწონებთ თავს? ეგებ იმით, რომ მსოფლიოში საქართველო იმათ სიაშია, სადაც წიგნი არ უყვართ! რომ ქვეყნის მცხოვრებთა 50% ღარიბი და უღარიბესია! რომ ათასობით ბავშვი ქუჩაში ნაშოვნით ცხოვრობს?!
არაფერს ვამბობ უმუშევრობასა და სურსათის სიძვირეზე, არაფერს ვამბობ დაპირებების შერულებაზე (პრეზიდენტის თქმით ხომ პენსიონერებს შარშან უნდა გვქონოდა 100 დოლარი პენსია?!).
მხოლოდ ერთ საკითხს გამოვყოფ _ საქართველოს საგარეო ვალებს!
ჯერ იმან გამაკვირვა, ჩვენი ქვეყნის ვალებით სომხეთი რომ დაინტერესდა. ინფორმაციას ჩავყევი და… თურმე, სომხეთის ვალი გვქონია 16 მილიონ 636 ათასი ამერიკული დოლარი (ალბათ, ფიქრობს, როგორ და როდის გადაგვიხდიანო)?!
2011 წლის მარტის მონაცემებით “საქართველოს შიდა და საგარეო ვალი 4 მილიარდ 21 მილიონ 210 ათასი ამერიკული დოლარია (?!).
ვისი ვალი არ გვქონია: თურქმენეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, უზბეკეთის, ჩინეთის, მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ევროკავშირის, ევროპის საინვესტიციო ბანკის… (ჩამოთვლას ვწყვეტ!).
გამოკვეთილად გამოვყოფ რუსეთის ვალს: 115 მილიონ 99 ათასი ამერიკული დოლარი (რუსეთთან როგორღა დავიმცირეთ თავი?!).
ქვეყნის ამაყი პრეზიდენტი, მთავრობა სამათხოვროდ გაწვდილი ხელებით… გამსესხებლები “ჰუმანურები” არიან, მაგრამ ქვეყნის ბედზე, მომავალზე თუ ფიქრობენ მათხოვარ-მსესხებლები?!
მსოფლიო მიხეილის საპრეზიდენტო მოღვაწეობით მოხიბლულ-აღტაცებულია!
ჩვენ _ ქართველები? გაკვირვებულ-გაოცებულები: ვის და რას მოხმარდა ნამათხოვარ-ნასესხები დოლარები?!
აი, მოტრაბახე და ამპარტავანი, ერთნაირად მოაზროვნე კრებულის წლებისმიერი ღვაწლი _ ქვეყნის მცხოვრებთა უმრავლესობა მშიერია, უმცირესობა _ გამძღარი ანაც ზედმეტადაც მაძღარი.
საშინელებაა კუჭით აზროვნება!
რას იტყვი, მკითხველო, ჩვენ _ ღარიბ-უღარიბესები, ვაზროვნებთ კუჭით თუ გამძღარ-მაძღარნი?!
არადა, კუჭით ნააზრევი სახეზეა!
ეთერ ქადეიშვილი