(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ლანჩხუთის ახალგახსნილ დღის ცენტრ “იავნანას”, რომელიც მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვისაა განკუთვნილი, ევროკავშირის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაცია “ბავშვი და გარემოს” ხელმძღვანელები, გურიის გუბერნატორი ვალერი ჩიტიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნები ესტუმრნენ. სტუმრებმა დაათვალიერეს ცენტრი და არსებული მდგომარეობით კმაყოფილები დარჩნენ. ფაქტობრივად, მოხდა ცენტრის ოფიციალური გახსნა.
ზემოთ ნახსენები არასამთავრობო ორგანიზაციის პატრონაჟითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, გასულ წელს გადაწყდა ლანჩხუთში “დღის ცენტრის” გახსნა. ოფისის მშენებლობაში საკუთარი წვლილი ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეიტანა. ცენტრი ყოფილი სტატისტიკის განყოფილების ოფისში დაფუძნდა. ყველანაირი პირობა არის შექმნილი, რათა მოზარდებმა თავი კარგად იგრძნონ _ ოფისში შეყვანილია ბუნებრივი გაზი და წყალი. ევროკავშირის წარმომადგენლობამ მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას და პირადად გამგებელს გია გოგუაძეს პროექტის დახმარებისთვის, რაც ოფისის მშენებლობაში გამოიხატა, ხოლო “ბავშვი და გარემოს” ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ “დღის ცენტრს” შემდგომშიც დაეხმარებიან და დაფინანსება არ შეწყდება. თავის მხრივ, გურიის გუბერნატორმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს, ასევე ადგილობრივ ხელისუფლებას, ამ საქმის ხელშეწყობისა და დაფინანსებისთვის.