(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ იდეა სკოლების დალოცვისა და კურთხევის შესახებ, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ეკუთვნის. კვირას, 27 მარტს კურთხევის ბედნიერება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების: ლიხაურის და ჭანიეთის საჯარო სკოლებს, ქაქუთის დაწყებით სკოლას (ეს პატარა ისტორიული სკოლა, რომელიც ილია ჭავჭავაძის თანადგომითაა დაარსებული, ჭანიეთის საჯარო სკოლას ექვემდებარება).
_ ამაღლებული და მართლაც ისტორიული დღე, რომელიც მისმა უწმინდესობამ გვაჩუქა, გამორჩეული ღირსებით შევა ჩვენი სკოლის ისტორიაში, განსაკუთრებით გვინდა მოვეფეროთ ჩვენი სოფლის მკვიდრს ღირსეულ ახალგაზრდას დათო მჟავანაძეს, რომელიც 2006 წლიდან საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში საქმიანობს და გასულ წელს საპატრიარქოს სამდივნო საქმის კურსში ჩააყენა, მშობლიური სკოლა ერთ-ერთი პირველი გამხდარიყო პატრიარქის კურთხევის ღირსი, _ ამბობს ჭანიეთის საჯარო სკოლის დირექტორი მალვინა ნინიძე.
2011 წლის 27 მარტს, დილით, წმიდა სამების საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დალოცა და აკურთხა სოფლების ლიხაურის და ჭანიეთის საჯარო სკოლები, ქაქუთის დაწყებითი სკოლა და იქვე, ამბიონთან, საპატრიარქოს წარმომადგენელმა აღნიშნული სკოლების ხელმძღვანელებს სათითაოდ გადასცა “დალოცვის სიგელი”.
დალოცვილებმა საპატრიარქოსგან საჩუქრად მიიღეს “ცხოვრების წიგნი”. ამავე დღეს, აღნიშნული სკოლების მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა მცხეთა-თბილისის ეპარქიის ტაძრები მოილოცეს. სვეტიცხოვლის მოლოცვის დროს, ტაძრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა მამა სერაფიმემ (ჭედია) მათ საჩუქრად გადასცა მაცხოვრის ხატები.
_ მე განსაკუთრებით ბედნიერი ვარ ახლა _ ამ ბედნიერ დღეს ჩემი მშობლიური ჭანიეთის სკოლა დაილოცა, დაილოცა ლიხაურის საჯარო სკოლა, სადაც სწავლა განვაგრძე ჭანიეთის სკოლის დასრულების შემდეგ. მსურს, ყველას გავუნაწილო ეს ყოვლისმომცველი განცდა, _ ამბობს დათო მჟავანაძე.